თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველო და ქუვეითი აქტიურად ავითარებენ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რის გამოც საქართველო არაბულ ქვეყანაში პოპულარულ ტურისტულ ურთიერთობებს შორის მესამე ადგილს იკავებს.
ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
ჯანელიძე ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორშაბათს, 12 თებერვალს დაიწყო. ჯანელიძე ქუვეითში მიიღებს მონაწილეობას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში თანამშრომლობის უაღრესად პოზიტიურ დინამიკას მრავალი მიმართულებით. მიხეილ ჯანელიძემ და ქუვეითის პრემიერმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის შექმნა და იმედი გამოთქვეს, რომ 2018 წელს გაიმართება ჯგუფის პირველი შეხვედრა.
მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს სავაჭრო-ეკონომიკურ და საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც გასული წლის ივლისიდან ქუვეითიდან თბილისში პირდაპირი ფრენები ხორციელდება. საქართველოში ქუვეითიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია ვიზიტორთა რიცხვი.
ჯანელიძემ ინფორმაცია მიაწოდა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს საქართველოს მზარდი ეკონომიკური პროგრესის, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების შესახებ. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ (KFAED) შეტანილი წვლილისათვის საქართველოს საგზაო სფეროს განვითარებაში.
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მიესალმნენ „გლობალური კოალიციის“ წარმატებებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში. ჯანელიძის თქმით, საქართველო, როგორც კოალიციის წევრი ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
შეხვედრაზე მხცარეებმა აღნიშნეს თანამშრომლობისა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა. მიხეილ ჯანელიძემ ქუვეითის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მიიწვია.
„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიცია, რომელშიც 24 ქვეყანა შედის, 2014 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა. ერაყსა და სირიაში სამხედრო კამპანიის გარდა, კოალიციის მიზანია ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსებასა და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურასთან, საზღვრებზე ტერორისტების ნაკადის აღმოფხვრა, „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებული რაიონების სტაბილიზაციისა და აღდგენის მხარდაჭერა და ორგანიზაციის პროპაგანდისადმი წინააღმდეგობის გაწევა.
საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში, ქალაქ ელ-რიადში მდებარეობს, თუმცა ქვეყნის ინტერესებს ქუვეითშიც წარმოადგენს. საუდის არაბეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავაა. დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა.
საქართველო წლიდან წლამდე ქუვეითის მოსახლეობაში სულ უფრო პოპულარული ხდება. საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2018 წლის იანვარში ქვეყანას ქუვეითის 1 009 მოქალაქე ეწვია, რაც შარშანდელ მაჩვენებლებს 130%-ით აღემატება.