თბილისის მერის ახალი მეგობარი - კალაძემ თავშესაფრიდან ლეკვი წამოიყვანა

ლეკვი თბილისის მერიაში იცხოვრებს
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალური თავშესაფარი მოინახულა და ერთ-ერთი ლეკვი წამოიყვანა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

კალაძის თქმით, ლეკვი დედაქალაქის მერიაში დაბინავდება.

„გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც წამოვა მერიაში და ჩვენთან ერთად იქნება. სახელი ჯერ არ ვიცით, შევურჩევთ მერიაში”, – უამბო ჟურნალისტებს კალაძემ.

მუნიციპალურ თავშესაფარში კალაძემ ვეტერინარული ინვენტარი დაათვალიერა და თანამშრომლებისგან სააგენტოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

Каха Каладзе в приюте Агентства по мониторингу животных

კალაძემ უარყო ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცხოველები თავშესაფარში ცუდ პირობებში არიან.

„ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აქ გაუსაძლისი პირობები იყო — გავრცელებული იყო ჭირი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.   რაც შეეხება ცხოველების მონიტორინგს, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში, წარმოგიდგენთ ახალ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც, რეფორმების განხორციელებას დავიწყებთ“, —  განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, თავშესაფარში არსებული ყველა პრობლემა მოგვარდება.