ეკლესიის როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობაში: თბილისში კონფერენცია ტარდება

ღონისძიებებში მონაწილეობენ ქართული ეკლესიის, ხელისუფლების, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „ეკლესია და საზოგადოებრივი ცხოვრება“, რომელიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენციის ფარგლებში სამი სექცია მუშაობდა — მეცნიერება და რელიგია, რელიგია და სახელმწიფო, რელიგიური წინამძღოლი და საზოგადოება. ქვეყნის პირველი პირები კონფერენციის ფარგლებში სიტყვით წარდგნენ და დაათვალიერეს გამოფენა, რომელიც ქართული ეკლესიის ისტორიას მიეძღვნა.

„ქართული საღვთისმეტყველო სიტყვა და აზრი ყოველთვის საინტერესო იყო და არის ქრისტიანული სამყაროსთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ სამეცნიერო კონფერენცია და დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება, იმართება საქართველოში, სადაც სასულიერო და საერო სფეროებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი გამოცდილება არსებობს“, — განაცხადა პრემიერმა.

ხელისუფლება განათლების სისტემასა და ეკლესიას შორის კავშირის განმტკიცებას აპირებს

კვირიკაშვილის თქმით, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს.

„1917 წელს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ სარწმუნოებას, დიდი რუდუნებით უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამას მოჰყვა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება, რომლის 100 წლის იუბილეს წელს ვზეიმობთ”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ბევრჯერ მდგარა რთული განსაცდელის წინაშე და ასეთ მომენტებში საქართველოს ეკლესია და პატრიარქები ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდნენ.

„ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია, საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია“, — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანების აგრესიასთან ბრძოლის პროცესში ეკლესიის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას თავისი განვითარების გზა გვაქვს — სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, ეკლესიებს და სახელმწიფოს, არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით. ეს არის საკითხები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის მიზანს და ზრუნვის საგანს წარმოადგენს: ეს არის ჩვენს საზოგადოებაში არსებული მაღალი აგრესიის დონე, განსხვავებულის მიუღებლობა, მზაობა, რომ განსხვავებული დათრგუნონ, და გაანადგურონ. ყოველი ჩვენთაგანისთვის — ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქე ამ თვალსაზრისით არ იყოს ორიენტირებული აგრესიაზე და სხვის განადგურებაზე“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ქართული საგალობლები

საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო, წმინდა სინოდის, ქართული ეკლესიის, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.

კონფერენცია 13 თებერვალს დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორებია საქართველოს მთავრობა და საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევების საერთაშორისო ცენტრი.

1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს.

1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა კირიონ II.

1990 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ.