არის თუ არა ციმბირის წყლულის აჭარაში გავრცელების საშიშროება

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, სავარაუდოდ, ციმბირის წყლულის გამო 70-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. აჭარაში ციმბირის წყლულის გავრცელების საშიშროება არ არის, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" აჭარის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ.

სავარაუდოდ, ციმბირის წყლულით დაავადებული 73 ადამიანი თურქეთის პროვინცია ტრაპიზონში, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 190 კილომეტრში მდებარეობს, საავადმყოფოებში მოათავსეს. აქედან ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

„ტრაპიზონი აჭარიდან საკმაოდ შორს არის. ეპიდემიური თვალსაზრისით გამორიცხულია, რომ ციმბირის წყლული აჭარაში გადმოვიდეს. ჩვენ ვამოწმებთ ხორცს, ამასთან, თურქეთის ხელისუფლებაც თავის საკარანტინო ზომებს მიმართავს", — განაცხადა ნიჟარაძემ.

ფოთში ციმბირული წყლულით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თურქული მასმედიის ცნობით, გასულ კვირაში ტრაპიზონში ციმბირის წყლული ერთ-ერთ კერძო მეურნეობაში ძროხას გამოუვლინდა. მიუხედავად ხელისუფლების გაფრთხილებისა, პატრონმა ძროხა დაკლა და მეზობლებს დაურიგა.

ყველა დაავადებულს ხორცის ჭამის შემდეგ აღენიშნებოდა სისუსტე და პირღებინება. სამ პაციენტს დიაგნოზი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი ქალიც დაინფიცირებული იყო.

რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ამ ინციდენტის გამოძიება. იმ დასახლებულ პუნქტში, რომელშიც პაციენტები ცხოვრობენ, ჯერჯერობით კარანტინი არ ამოქმედებულა, ნათქვამია განცხადებაში.