თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელობა გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა ხდება მხოლოდ ამ კლინიკებში, მაკა გვარამიამ სიცრუე უწოდა.
„მედიასაშუალებებით აქტიურად ვრცელდება ზოგიერთი კლინიკის მხრიდან მიზანმიმართული განცხადებები, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელობა გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა ხდება მხოლოდ ამ კლინიკებში, რაც სიცრუეა. მათ არგუმენტად მოჰყავთ მხოლოდ აუდიტის 2014-2015 წლის დასკვნა, რაც მოიცავს არამხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაზე რჩევებს, არამედ არის სისტემური რჩევები ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს მისაღებია და ვიწყებთ მუშაობას ხარვეზების გამოსასწორებლად“, – განაცხადა მაკა გვარამიამ.
მისივე თქმით, კლინიკების ნაწილი პაციენტების რაოდენობის კლებას სასწრაფო დახმარების ცენტრს უკავშირებს, თუმცა, გვარამიას განცხადებით, ეს კლინიკების რაოდენობისა და კონკურენციის ზრდას უკავშირდება.
„ცენტრი ახორციელებს პაციენტების გადაყვანას კლინიკებში მათი სერვისების, შესაძლებლობების, მდებარეობის, პაციენტთა შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით“, – განაცხადა მაკა გვარამიამ.
ამასთანავე, კერძო დაზღვევის მქონე პაციენტები ხშირად მოითხოვენ, სასწრაფო დახმარებამ პროვაიდერ კლინიკებში გადაიყვანოს.