ქართველმა მოციგავემ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

ორშაბათს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოთხილამურე ნინო წიკლაური იასპარეზებს
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. ქართველმა მოციგავემ გიორგი საღოიანმა ფიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა და შემაჯამებელ ოქმში 32-ე ადგილი დაიკავა.

მოციგავეთა დასკვნით, მეოთხე რბოლაში საღოიანს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ფინალზე მხოლოდ ტოპ-ოცეულის სპორტსმენები დაუშვეს. მესამე რბოლის შემდეგ საღოიანი 33-ე ადგილზე იყო და შეჯიბრების ლიდერს 1,474 წამით ჩამორჩებოდა.

ქართველი ოლიმპიელები ფიონგჩანგში ოლიმპიადაზე საზეიმოდ გააცილეს

ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი ავსტრიელი დავიდ გლაიშერი გახდა. ვერცხლი ამერიკელმა კრის მაზდზერმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო — გერმანელმა იოჰანეს ლუდვიგმა.

საქართველოს ნაკრების შემდეგი წარმომადგენელი, რომელიც მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთვება, ნინო წიკლაური გახდება. ქართველი მოთხილამურე მონაწილეობას მიიღებს შეჯიბრებაში გიგანტურ სლალომში, რომელიც 12 თებერვალს თბილისის დროით დილის 05:15 საათზე დაიწყება.

ოლიმპიადის მეორე დღის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში ლიდერობს გერმანიის ნაკრები, რომლის ანგარიშზეა 3 ოქრო და 1 ბრინაჯაო. მეორე ადგილზეა ჰოლანდიის გუნდი (2-2-1) და მესამეზე — ნორვეგიაა (1-4-3).