მარნეულში ჟოლოსა და მაყვლის ბაღი გაშენდა

ჟოლოს და მაყვლის ბაღი 7 ჰექტარზე თბილისიდან ჩასულმა გოგონებმა გააშენეს.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მარნეულის რაიონის სოფელ ახლომახმუდლოში ჟოლოსა და მაყვლის ბაღი გაშენდა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კენკრის ბაღი ამხანაგობა „ქართულმა კენკრამ“ გააშენა. ჟოლოს და მაყვლის ბაღი 7 ჰექტარზე თბილისიდან ჩასულმა გოგონებმა გააშენეს. 

„ამხანაგობა 3 ქალბატონის სტარტაპია, რომლებმაც გადაწყვიტეს საქმიანობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაეწყოთ და კენკრის ბაღი გააშენეს. ამხანაგობა გეგმავს სამომავლოდ გაშენებულ ბაღის ტერიტორიაზე ბიო მეურნეობის სტანდარტის აღებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

„და-ჩირე“ - ახალი ქართული პროდუქტი ბაზარზე

ამხანაგობა პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2017 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 53 305 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 35 805 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 17 500 ლარი — წვეთოვანი სისტემებისთვის, რომელიც სარწყავად გამოიყენება.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4 293 ჰექტარზეა გაშენებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22 271 868 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 672 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.