თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. 19 თებერვალს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენი პოეტსა და მთარგმნელს დათო აკრიანს უმასპინძლებს, რომელიც წაიკითხავს შარლ ბოდლერის თარგმნილ პოეზიას — „მწარე და ძვირფასი“, ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრა ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში გაიმართება, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 14 აპრილს წამოიწყო.
მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ მკითხველი მწერლების შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო-სპექტაკლის სახით ეცნობა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ონ-ლაინ. სტუდენტებისთვის დასწრება თავისუფალია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 70-მდე თანამედროვე ქართველი მწერლის შეხვედრა თბილისის 150 სკოლის მოსწავლეებთან. მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მწერალი სტუმრობდა მკითხველებს ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
მარჯანიშვილის თეატრის სხვენი „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, უმასპინძლებს.
პროექტ „ცოცხალი წიგნების“ მსვლელობისას მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის საფუძველზე წიგნი „მწერლის დღიურები“ გამოიცემა.
2015 წელს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში“ მფლობელი გახდა.
პოეტი, მწერალი და მთარგმნელი დათო აკრიანი 5 წიგნის და 50-მდე თარგმანის ავტორია. მას ნათარგმნი აქვს ჯორჯ ორუელის, რეი ბრედბერის, კაზუო იშიგუროს, მორის მეტერლინკის და სხვა ცნობილი მწერლების ნაწარმოები.