გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი DipSki2018 გაიხსნა

შეჯიბრში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობენ.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. გუდაურში დიპლომატებს შორის სათხილამურო შეჯიბრი DipSki2018 იმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შეჯიბრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოსა და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის თანაორგანიზებით ტარდება.

შეჯიბრში, რომელიც უკვე მეორედ იმართბა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობენ.

გუდაურში PeakStationCamp-ის ბანაკი სნოუბორდინგის ვარსკვლავებს შეკრებს

შეჯიბრი ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„უკვე მეორედ ტარდება ეს შეჯიბრი, რომელიც ემსახურება საქართველოს სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას, წელს კიდევ უფრო მეტი მონაწილეა წარმოდგენილი, დაახლოებით 100-მდე წევრია დიპლომატიური კორპუსიდან. ეს ემსახურება მთავრობის პრიორიტეტს, სამთო კურორტების განვითარების ხელშეწყობას. ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეზიდა უფრო მეტი ტურისტი და წელს ჩვენ ველოდებით ნახევარ მილიონამდე ტურისტს“, — განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრმა შეჯიბრის მონაწილეებს წარმატებები, ხოლო საქართველოს უფრო მეტი ტურისტი უსურვა.

ტურნირის გამარჯვებულები სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული თასებით დაჯილდოვდებიან.