უნიკალური ვიდეოკადრები უმა თურმანისგან, რომელთა გადაღებაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა

მსახიობი დიდი ხანია ცდილობდა, მოეპოვებინა დუბლის ჩანაწერი, რათა სასამართლოში დაემტკიცებინა, რომ ფილმის გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იყო
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მსახიობმა უმა თურმანმა საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ფილმ „მოკალი ბილი 2-ის“ წარუმატებელი დუბლია ასახული.

კიდევ ერთი მოძალადე: სტივენ სიგალი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

აღნიშნული დუბლის გადაღებისას მსახიობმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

უმა თურმანს, ფილმის სცენარის თანახმად, ტყის გზაზე დიდი სისწრაფით უნდა გაევლო ავტომობილით. რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ პირადად შეამოწმა მანქანის მდგომარეობაც და გზის საჭირო მონაკვეთიც, მაგრამ რაღაც მომენტში სცენარში შესწორება შეიტანეს და მსახიობმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. დაშავებული უმა თურმანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მსახიობი დიდი ხანია ცდილობდა, მოეპოვებინა დუბლის ჩანაწერი, რათა სასამართლოში დაემტკიცებინა, რომ ფილმის გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იყო.  მაგრამ სტუდია Miramax-ის ხელმძღვანელის, სკანდალურად ცნობილი ჰარვი ვაინშტაინისგან მისი მიღება მთელი 15 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. უმა თურმანმა დუბლი მხოლოდ ახლაღა მოიპოვა კვენტინ ტარანტინოს დახმარებით.

აღსანიშნავია, რომ უმა თურმანი შედის იმ მრავალრიცხოვან მსახიობთა შორის, რომლებმაც ვაინშტაინს სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი.