ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების ფასად? საქართველოში Heritage-ის ანგარიში შეაფასეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოსთვის მთავარი მიზანს ტერიტორიული მთლიანობის გამტკიცება წარმოადგენს და ამაში ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უჭერს მხარს, განაცხადა საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკული კვლევითი ცენტრი Heritage Foundation-ის ანგარიშის განხილვის შემდეგ.

გასულ კვირას Heritage Foundation-მა ლუკ კოფის (Luke Coffee) ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ნატოს რიგი წევრები შიშობენ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ავტომატურად გამოიწვევს რუსეთთან ომს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამო, ხოლო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ისინი სიხარულით მიიღებენ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს ნატოს წესდების მეხუთე მუხლის დროებით შეჩერებას საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე.

უთანხმოება ბარიერი არ არის - რა უთხრა კარასინმა აბაშიძეს პრაღაში?

„საქართველო ძალზე წარმატებულია ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ეს, პირველ რიგში, გამოიხატება იმ წარმატებულ რეფორმებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით, ეკონომიკის სფეროში, თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, რაც აღიარებულია ნატოსა და ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ. ასევე ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ჩვენ ყველა აუცილებელ ნაბიჯს ვდგამთ… პირველ რიგში, საქართველოს მთავარი მიზანი და ამოცანა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაა“, — განაცხადა ჯანელიძემ.

ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე Heritage Foundation-ის ანგარიშთან დაკავშირებით გამართული დისკუსიის შემდეგ განაცხადა.

ანგარიშის ავტორი ლუკ კოფი, რომელმაც დოკუმენტის პრეზენტაცია თბილისში გამართა, მიიჩნევს, რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ რეალური ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა. მაშინ ნატოს წევრი ქვეყნების სამიტზე დაფიქსირდა, რომ საქართველო მომავალში შეძლებს გახდეს ნატოს წევრი, მხოლოდ ალიანსის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

„ეს საქართველოსთვის რეალისტური გადაწყვეტილება იყო ნატოსთან შეერთების კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ ჩემი წინადადებაა. არც ერთი წუთით არ ვთავაზობ, რომ საქართველომ ტერიტორიულ მთლიანობაზე თქვას უარი. სულაც არა. უბრალოდ, ვამბობ, რომ რადგან საქართველოს აქვს ძალის გამოუყენებლობის პირობა, რისთვის არის საჭირო ნატოს მეხუთე მუხლის გარანტია ოკუპირებული რეგიონების შესახებ. პირადად ჩემთვის ეს უსარგებლოდ შექმნილი ბარიერია“, — აღნიშნა კოფიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში.

მისი თქმით, არიან ქვეყნები, რომლებიც ამ მოდელით ხელმძღვანელობენ. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში სიტუაციას ართულებს ის, რომ საქმე რუსეთს ეხება.

„მეტი ძალისხმევა“ - საქართველო ჟენევის მოლაპარაკებების შედეგზეა ორიენტირებული

რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებით და ამ ალიანსის თავისი საზღვრების მიმართულებით გაზრდის. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, ის საქართველოს უსაფრთხოებას არ ამტკიცებს.

„ბოლო ათი წელია, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ერთსა და იმავე დისკუსიას ვისმენ – როგორ შეუძლია საქართველოს ნატოს წევრი გახდეს. ვფიქრობ, რომ 10 წლის შემდეგ დადგა ახალი, კრეატიული მიდგომების დრო“, — აღნიშნა კოფიმ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.  „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა.

2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.