ლარიზაციის „წლისთავი“ და იმედგაცრუებული „ჭირისუფალი“...

ეროვნული ვალუტა მყარდება! როგორია ლარის საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივა, რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას ლარიზაციის პროცესზე, რატომ ფიქრობენ ეროვნულ ბანკში ახალი რეგულაციების შემოღებაზე?
Sputnik

ქვეყნის საფინანსო ბაზარზე მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული მკითხველი, უთუოდ, შენიშნავდა, რომ ეროვნული ვალუტისთვის ახალი წლის დასაწყისი იღბლიანი და სტაბილური გამოდგა. არადა მოლოდინი სხვაგვარი იყო. ვარაუდობდნენ, რომ ნაახალწლევს შემცირდებოდა ლარზე მოთხოვნა და ეროვნული ვალუტა ფსკერისკენ დაიწყებდა დაშვებას. სპეციალისტთა თუ ექსპერტ-ანალიტიკოსთა სკეპტიკური პროგნოზების  საწინააღმდეგოდ, ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს აღებული გამყარების ტემპი ლარმა შეინარჩუნა. ეროვნული ვალუტა, დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში, არც მისთვის ბოლო დროს ზოგადად დამახასიათებელი რყევებით გამოირჩეოდა. ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი გარემოება. უმნიშვნელოა სხვაობა საბაზრო და ოფიციალურ გაცვლით კურსს შორის, რაც სპეციალისტების განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში შეტანილი ცვლილების შედეგია. ადრე არსებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა არ აღემატებოდა 3 მილიონ  ამერიკულ დოლარს, ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში წინა დღის გარიგებებიც მონაწილეობდა. ახალი წესით, ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის 3 მილიონიანი ლიმიტი გაანახევრა. ამჯერად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ითვლება სამუშაო დღეებში, დღეში ერთხელ და წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს.

ბანკირი „ჯოტიას“ ახალი რეკორდი და „ხუტა უფროსის“ განცდები...

რამ განაპირობა ლარის გამყარება თუ სტაბილურობა და არის თუ არა ეს ეროვნული ბანკის მიერ კურსის დადგენის მექანაზმში ცვლილებების შედეგი… საგულისხმოა, რომ სპეციალისტების უმრავლესობა ლარის გამყარებას არა ვალუტის კურსის დადგენის წესში შეტანილ ცვლილებას, არამედ სხვა ფაქტორებს უკავშირებს…

ეკონომისტი აკაკი ცომაია: „ბაზარზე ეს ცვლილება გავლენას ვერ მოახდენდა. სავარაუდოდ, წინა თვეებში, ლარის გაუფასურება მოლოდინების ფაქტორებმა განაპირობა. საბოლოოდ კი გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის ყალბი მოლოდინები ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების თაობაზე საპნის ბუშტივით გასკდა. შესაბამისად, ამ პერიოდში არის უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობით შესყიდვის საჭიროება და ეს არის ლარის გამყარების მიზეზი. ეროვნული ვალუტა დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელსაც ის შეინარჩუნებს საშუალოვადიან პერსპექტივაში. უახლოესი ორი-სამი თვის მანძილზე, რყევები მოსალოდნელი არ არის…“

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ ობლიგაციების გამოშვებამ ხელი შეუწყო მიმოქცევიდან ჭარბი ფულის ამოღებას, რამაც პოზიტიური გავლენა იქონია ლარის კურსზე, არის სხვა ფაქტორებიც…

კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს თუ ჯამაგირი კაცს?!

ეკონომისტი სოსო არჩვაძე: „ლარის გამყარებას მე ვუკავშირებ გლობალურ ბაზარზე დოლარის პოზიციების ერთგვარ შესუსტებას, თუმცა ეკონომიკაში ძალზე იშვიათია, როცა მხოლოდ ერთი ფაქტორი განსაზღვრავს ვალუტის კურსს. ასეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. ბოლო დროს ეროვნული ვალუტის გამყარება, ასევე გნაპირობა საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის და ტურისტების რაოდენობის ზრდამ. უცხოური ვალუტის მიმდინარე საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო არსებობს. ამისათვის ზოგჯერ მიმართავენ ბლუმბერგის ვებსაიტს, რომელზეც ქვეყნდება არა რეალურად შემდგარი გარიგებების კურსები, არამედ ამ სისტემის მომხმარებლების მიერ ვალუტის ყიდვის და გაყიდვის გამოცხადებული კურსების საშუალო მაჩვენებელი. ინტერნეტის ამ ბმულზე ნაჩვენები კურსით გარიგებები შესაძლოა საერთოდ არ დაიდოს. ლარის ოფიციალური კურსი კი ითვლება ფაქტობრივად შემდგარი გარიგებების საფუძველზე. კომპანია ბლუმბერგი თავის ვებგვერდზე ანალოგიური პრინციპით სხვა ქვეყნების სავალუტო კურსებსაც აქვეყნებს…“

ამასობაში ე.წ ლარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან უკვე ერთი წელი გავიდა და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, შედეგი მინიმალურია. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სესხების გალარების პროგრამით მოსახლეობის მხოლოდ 23 პროცენტმა ისარგებლა და უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტი ლარში გადაიყვანა. დიდად არც ეროვნულ ვალუტაში ფასდადების მექანიზმი გამოიყენება. უძრავ ქონებაზე საბოლოო ფასის განსაზღვრისთვის ისევ დოლარი გამოიყენება. ასეთი ხარვეზები პროგრამის ხარვეზზე მეტყველებს. ლარიზაციისთვის ახალი რეგულაციების შემოღებას არ გამორიცხავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი….

ლაღად „მოცურავე“ ლარი, გაძვირებული კრედიტები და გაღარიბებული ხალხი!

კობა გვენეტაძე: „ლარიზაცია – ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელსაც 10-15 წელი მაინც დასჭირდება. ვფიქრობ, ის მაჩვენებლები, რომლითაც 2017 წელი დამთავრდა, საკმაოდ კარგია, იმაზე კარგიც, ვიდრე ჩვენი არაოფიციალური მოლოდინი იყო. კონკრეტულად, ამ ერთი წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაცია შემცირდა 7 პროცენტული პუნქტით, ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია კი შემცირდა 12 პროცენტული პუნქტით. რაც შეეხება დეპოზიტების დოლარიზაციას, ის 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა… დასაწყისისთვის ცუდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ მომავალში კვლავ გაგრძელდება დედოლარიზაციის პროცესი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ჯერჯერობით რეგულაციის შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვაანალიზებთ იმ სიტუაციას, რაც გვაქვს და ყოველთვის ვუყურებთ, ჩვენმა გადადგმულმა ნაბიჯმა რა შედეგი მოიტანა და სად შეიძლება კიდევ დამატებით რამის გაკეთება. ვადევნებთ თვალყურს სხვა ქვეყნების გამოცდილებას. თუ რამე ისეთი იქნება, რომელიც, ვფიქრობთ, ასევე დაეხმარება ქვეყანაში ლარიზაციის განხორციელებას, ამას აუცილებლად გავაკეთებთ…“

სპეციალისტები სხვაგვარად უყურებენ ეროვნული ბანკის პროგრამას. ეკონომისტების ერთი ნაწილი ლარიზაციის პროგრამის ჩავარდნაზე საუბრობს. მათი თქმით, პროგრამა, რომელიც ვერ აღწევს დაგეგმილ მაჩვენებელს, არ სრულდება ბოლომდე და არ აქვს პროგნოზირებადი შედეგი, არაფრის მომცემია…

სუსტი ეკონომიკა და გაზრდილი ვალები. ანუ ღარიბი ქვეყნის ხვედრი!..

ეკონომისტი რატი აბულაძე: „ეროვნული ბანკის რეგულაციები მიმართულია ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესების, თანამედროვე გამოწვევების პრევენციის, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის სრულყოფისკენ. აღსანიშნავია ლარიზაციის პროგრამა, რომლის გატარება ობიექტური აუცილებლობით იყო განპირობებული, თუმცა ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი ახალ რეგულაციებზე საუბრობს. ე.ი ხარვეზები არსებობს, საჭიროა მათი გამოსწორება. პროცესიც სწორედ აქეთკენ არის მიმართული…“

ლარიზაციის პროგრამის „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ ეროვნული ვალუტა ვერაფრით იქცა მოსახლეობისთვის სასურველ საკრედიტო რესურსად. მაშინ, როცა გასულ წელს წლიური საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე შემცირდა  8.7 პროცენტიდან 7.9 პროცენტამდე, ლარში გაცემულ სესხებზე გაიზარდა 23.6 პროცენტიდან 28 პროცენტამდე… ასე, რომ ლარიზაციის პროგრამის „ჩავარდნაზე“ საუბარი ამ ეტაპზე ლოგიკურია…