მასწავლებლის მიერ შექმნილი პანო, დადგმული სპექტაკლი და შვილიშვილის თოჯინური სახე

ადამიანმა საკუთარი ცხოვრება თავად რომ უნდა გაილამაზოს, ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ თუ მისი ნახელავი სხვებსაც მიანიჭებს სიამოვნებას, ეს უკვე ხელოვნებაა...
Sputnik

დღეს გვსურს გაგაცნოთ თბილისის 99-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ირმა ფრანგიშვილი, რომლის მიერ შექმნილი პანო სკოლის შემოსასვლელში, კედელზეა განთავსებული. ამას გარდა, ირმა მასწავლებელმა სკოლის თოჯინების თეატრისთვის პერსონაჟები თავად დაამზადა. ახლახან მან ჩვენი ძველი რესპონდენტის, მეთოჯინე იულია სოროკინისგან სულ რაღაც 12 გაკვეთილში თოჯინების დამზადების ხელოვნებაც აითვისა. მისი შრომის საოცარი შედეგის ხილვა ამ მასალაშიც შეგიძლიათ.

ირმა ფრანგიშვილი

– ქალბატონო ირმა, თქვენ თბილისის საჯარო სკოლაში ხელოვნების გაკვეთილებს ატარებთ.

— დიახ, სკოლაში ხელოვნების გაკვეთილები მიმყავს და ბავშვებს სხვადასხვა ლამაზი ნივთების კეთებას და ხატვას ვასწავლი. სამი წლის წინ ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა კონკურსი „ეკო ნაძვის ხე“, რომლის გამარჯვებულიც გავხდით. პირველობა მოვიპოვეთ ნომინაციაში „ზღაპრული სამყაროს ნაძვის ხე“. ეკო ნაძვის ხე მთლიანად კვერცხის „ლატოკებისა“ და ნაჭუჭებისგან იყო გაკეთებული, მასზე მოსწავლეებთან ერთად ვიმუშავე. „ლატოკები“ შევღებეთ, სათამაშოები ნარჩენებისგან გავაკეთეთ, ძალიან ლამაზი გამოვიდა.

ეკო ნაძვის ხე

– საოცარ თოჯინებს ამზადებთ და ეს თქვენი პირველი მცდელობა იყო?

— თავიდან მხოლოდ რბილ თოჯინებს ვაკეთებდი. შემდეგ ვიყავი ცვილის თოჯინების გამოფენაზე და ამ საქმით ძალიან დავინტერესდი. სურვილი გამიჩნდა, რომ მეც გამეკეთებინა და ამისთვის მეთოჯინე იულია სოროკინასთან მივედი. 12 გაკვეთილის შემდეგ, როცა გავერკვიე რა და როგორ ხდება, თოჯინების კეთება დამოუკიდებლად დავიწყე. დღეს უკვე სამი თოჯინა მაქვს მზად. პირველი მცდელობით ჯამბაზი გავაკეთე. ჩემ თოჯინებს პროტოტიპები არ ჰყავთ, ისინი ჩემი ფანტაზიით შექმნილი სახეებია, გამონაკლისი მხოლოდ ერთია, რომელსაც ჩემი შვილიშვილის მათეს სახის მიხედვით ვაკეთებ. ეს იქნება მისი თოჯინური გამოსახულება.

ირმა ფრანგიშვილის თოჯინა

– ვიცი, რომ სკოლის თოჯინების თეატრისთვისაც შექმენით პერსონაჟები…

— დიახ, თეატრი ჩემ მიერ დამზადებული თოჯინებისგან შევქმენით და დავდგით სპექტაკლი „დედაშვილობა“, რომელიც მოსწავლეთა სასახლეში წარმოვადგინეთ. სპექტაკლში თოჯინებს ბავშვები ათამაშებდნენ. ჩვენმა სპექტაკლმა სიღნაღში გაიმარჯვა და პირველი ადგილი დავიკავეთ. ამის შემდეგ ყვარელშიც წარმატებით გამოვედით.

ირმა ფრანგიშვილი მის მიერ დამზადებული სკოლის პანოს ფონზე

– თქვენ მიერ დამზადებული პანო სკოლის შესასვლელში კედელს ამშვენებს.

— დიახ, ეს პანო შემოსასვლელშია გაკრული, ზამთრის პანოც მაქვს დამზადებული, რომლითაც სკოლაში ზამთრის სეზონს ვხსნით ხოლმე და კედელზე ვკიდებთ. ყოველ გაკვეთილზე ვცდილობ, რომ მოსწავლეები ხელოვნებისა და სილამაზის მნიშვნელობაში დავარწმუნო. ვფიქრობ, სურვილის შემთხვევაში, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია, რომ  ცხოვრება მის მიერ შექმნილი ნივთებით გაილამაზოს. სიცოცხლის მშვენიერება ხომ დეტალებშია, ხალისიანი განწყობა კი პოზიტიურად დამუხტულ ლამაზ ნივთებს შეუძლიათ შეგვიქმნან, მით უმეტეს, თუ მათ საკუთარი ხელითა და ფანტაზიით შევქმნით…