დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობა: დასახელდა შესაძლო მიზეზი

საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის ოჯახის მეგობარმა განაცხადა, რომ ის უცხო პირს კარს არ გაუღებდა
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის ვაჟი გრიგოლ (ნოდარ) გუგეშაშვილი შესაძლოა, ვინმე ახალგაზრდა მამაკაცთან კონფლიქტის გამო მოკლეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2 ოჯახის ახლობლებსა და მეგობრებზე დაყრდნობით.

გუგეშაშვილის ოჯახს ოთხშაბათს დაესხნენ თავს. შსს-ს მონაცემებით, უცნობმა ადამიანმა გუგეშაშვილის ბინაში, დიღმის მასივში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 60 წლის დოდო გუგეშაშვილი და მოკლა მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ (ნოდარ) გუგეშაშვილი. შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ მკვლელი ოჯახისთვის ნაცნობი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო.

„შეიძლება ოჯახი იცნობდა [თავდამსხმელს], იმიტომ რომ მე რამდენჯერაც მივსულვარ ქალბატონ დოდოსთან სახლთან, ის ყოველთვის იხედებოდა „გლაზოკში“ და კითხულობდა: „რომელი ხარ?“. რომ ვეუბნებოდი ჩემ სახელსა და გვარს, „დათო ვარ“, ეგრევე მიღებდა კარს. იქაც ასე იქნებოდა, იმიტომ რომ დოდო კარს უცხოს არ გაუღებდა“, — განაცხადა ოჯახის მეგობარმა დავით მუხიგულმა.

თბილისში ირანის მოქალაქე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი გუგეშაშვილსა და მის ვაჟს მაყუჩიანი პისტოლეტით ესროლა.

რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე გამორთეს.

მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დოდო გუგეშაშვილი შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი შეიარაღებული სამხედრო ფორმირება „მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერია. ოჯახის ახლობლები უარყოფენ, რომ შემთხვევა „მხედრიონის“ წარსულს შეუძლება უკავშირდებოდეს.