გაირკვა, საქართველოს რამდენი მოქალაქე დააბრუნეს ევროკავშირიდან სამშობლოში

საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის რეჟიმი დაარღვიეს, 15-დან 10%-მდე შემცირდა.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში რეადმისიის გზით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2 ათასზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში.

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობენ. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე (საერთო ჯამში 90 დღით 180 დღის მანძილზე).

„თუ მოქალაქეს არ აქვს კანონიერი უფლება, იყოს შენგენის ტერიტორიაზე და მოხდება მისი დაკავება, მაშინ ის ექვემდებარება რეადმისიას. ანუ, საქართველოს აქვს უკვე აღებული ვალდებულება, რომ ასეთი ადამიანების უკან, სამშობლოში დაბრუნება მოახდინოს", — განმარტა ხულორდავამ.

ჯანელიძე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მაღალი შეფასება აქვს.

„რეადმისიის კუთხით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც ფიქრობენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არის საუკეთესო. ეს სწორედ ამას გულისხმობს, როცა ფიქსირდება დარღვევა და ქვეყანას ეძლევა რეადმისიის მოთხოვნა, 98% შემთხვევებში ამ რეადმისიის განხორციელება ხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. იმიტომ რომ რეადმისიის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ", — განაცხადა ხულორდავამ.

მან აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის დარღვევის რაოდენობა, 2015-2016 წლებთან შედარებით, 15-დან 10%-მდე შემცირდა.

ევროკავშირში გამგზავრებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს დაჯავშნული ნომერი ან მეგობარი–ნათესავის მისამართი, სადაც აპირებს ცხოვრებას, სამედიცინო დაზღვევა, თანხა ცხოვრებისთვის და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.