თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფერებში განათდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik.  თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი  უნივერსიტეტის ფერებში განათდება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საქართველოში კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე აღინიშნება. იგი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გაიხსნა. მისი პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო.

უნივერსიტეტის დროშები მთელი ქალაქის მასშტაბით, მათ შორის, ქვეყნის პარლამენტისა და თბილისის აეროპორტის შენობებზე გამოიფინება.

მთელი დღის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა, რომლებსაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, 50 ქვეყნის უნივერსიტეტების რექტორები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა

 „მე მინდა უპირველეს ყოვლისა პატივი მივაგო და დავლოცო ის ადამიანები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მე მინდა დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი – უწმინდესი და უნეტარესი კირიონი… უნივერსიტეტი – ეს მაჩვენებელია ქართული კულტურის, ქართული წარსულის, აწმყოსა და მომავლის. ამ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ საქართველომ რთული პერიოდი გამოიარა, მაგრამ ის მოღვაწეობა, რომელსაც ის ეწეოდა – ეს არის საოცრება“, – განაცხადა ილია მეორემ.

უნივერსიტეტში „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა, სტუმრების წინაშე ასევე წარდგნენ ქართველი და უცხოელი ოპერის მომღერლები.

თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებები იუნესკოს ეგიდით ტარდება, აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ პარიზში გამართულ 39–ე სესიაზე მიიღო.