საქართველოს რეგიონებში 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი შენდება

პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ფინანსდება.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და მუნიციპალურ ერთეულში 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი შენდება, ნათქვამია  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ცენტრი ვანში შენდება, რომელიც მოსახლეობას მარტიდან მოემსახურება. ახალი ცენტრი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი და საჭირო ტექნიკით აღჭურვილი იქნება.

„ისევე როგორც ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ვანშიც სასწრაფო დახმარების შენობა არ არსებობდა.  სამედიცინო პერსონალს,  წლების განმავლობაში ძველ საავადმყოფოს  ერთ ოთახში უწევდა ყოფნა.  ახალი ცენტრი კი აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან “, —  ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს კლინიკებში სამედიცინო მომსახურებაზე ფასებს სახელმწიფო დაადგენს

ახალი სამედიცინო ცენტები უკვე აშენდა ხონისა და ლანჩხუთის რაიონებში.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, დღესდღეობით თბილისის მოსახლეობას 97 სასწრაფო დახმარების ბრიგადა 24 საათიან რეჟიმში ემსახურება.  ტერიტორიული პრინციპით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში განთავსებულია 14 რაიონული სამსახური და მოიცავს მთელს ქალაქს.