Bloomberg–ი სათხილამურო სპორტის მოყვარულებს გუდაურში ეპატიჟება

საქართველოს ზამთრის კურორტი გუდაური ერთ–ერთ შესანიშნავ კურორტად დასახელდა
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik.  მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი  სააგენტო Bloomberg–ი სათხილამურო სპორტის მოყვარულებს ურჩევს, რომ  საქართველოს ზამთრის კურორტ გუდაურს ეწვივნონ.

  Bloomberg–მა სამთო–სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის ხუთი ადგილი შეარჩია, აღნიშნული სიის სათავეში კი საქართველო და კურორტი გუდაური მოხვდა.

 „წადით თბილისში და ისრიალეთ გუდაურში“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია საქართველოს არქიტექტურისა და კულინარიული ტრადიციების უნიკალურობა. Bloomberg–ი მკითხველს ურჩევს თბილისში  ტურისტებისთვის ერთ–ერთ ყველაზე საყვარელ  ადგილს – Fabrika Tbilisi–ს ეწვივნონ.  

გუდაურსა და ბაკურიანს სერიოზული ცვლილებები ელის

სტატიაში ასევე საუბარია ღამის კლუბებზე  – Bassiani–სა და Cafe Gallery–ზე.

 „თბილისი კომპაქტური ქალაქია, რომელიც რამდენიმე დღეში შეგიძლიათ დაათვალიეროთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მარტივად შეძლებთ გუდაურში წასვლას, სადაც შეგიძლიათ ორ საათში მოხვდეთ“, – აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოსთან ერთად, ჩამონათვალში შესულია თურქეთი, ნორვეგია, შვეიცარია და სლოვაკეთი.

გუდაური საქართველოს ზამთრის კურორტებისგან  ერთ–ერთი თანამედროვე და განვითარებულია, რომელიც უცხოელ ტურისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

გუდაურში 22 სათხილამურო ტრასა და 16 საბაგირო გზაა.

გუდაურთან ერთად საქართველოში სამი ზამთრის კურორტია – ბაკურიანი, მესტია და გოდერძი.