The Guardian-მა თუშეთს სამოთხე უწოდა

The Guardian-მა გამოაქვეყნა ელის კერნსის სტატია 2017 წლის აგვისტოში თუშეთში მოგზაურობის შესახებ
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ფიჭვის ტყეებით დაფარული მთიანი სამოთხე, ღრმა ხეობები და მისტიკური კოშკები — სწორედ ასე აღწერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian მაღალმთიან თუშეთს.

რამ მიიზიდა The Independent-ი უშგულში

The Guardian-მა სტატია თუშეთში მოგზაურების შესახებ გამოაქვეყნა სათაურით „ქართული ელვარება — მსვლელობა კავკასიაში". სტატიის ავტორი ელის კერნსი მეგობრებთან ერთად თუშეთში 2017 წლის აგვისტოში იმყოფებოდა და მკითხველს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

ავტორი აღნიშნავს, რომ თუშეთში ასვლა ძნელია. ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო მთებში მიხვეულ-მოხვეული გზებით სიარული დიდხანს გიწევს. მიუხედავად იმისა, რომ თელავიდან ის 68 კილომეტრში მდებარეობს, გზას ხუთი საათი სჭირდება. თუმცა, კერნსი აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვარზე მდებარე კუთხე დახარჯული ძალები ნამდვილად ღირს.

„ესაა მთიანი სამოთხე, რომელიც დაფარულია ფიჭვის ტყეებით, ღრმა ხეობებითა და მისტიკური კოშკებით. დრო იქ ყოფნის მოკლე ხანში შეჩერდა", — დაწერა კერნსმა სტატიაში.

კერნსი ასევე აღნიშნავს, რომ თუშეთში ფული ძალას კარგავს: იქ არ არის მაღაზიები, სასტუმროები, არც ტაქსი, ბარი, მოასფალტებული გზა და ელექტროენერგია. მხოლოდ რამდენიმე სოფელია და საცხენოსნო გზა, რომლებიც გარე სამყაროს ბილიკებით უკავშირდება.

სამდღიანი მოგზაურობის დროს ბრიტანელი ტურისტი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ფიჭვნარში, გადაადგილდებოდნენ ცხენებით და ათვალიერებდნენ პატარა სოფლებს, ციცაბო კლდეებსა და ფერადყვავილიან მინდვრებს.

Vogue: საქართველო – მუდამ თქვენს ფიქრებში

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თუშეთი სტუმართმოყვარე ადგილია. სახლში, სადაც ღამე გაათენეს, შესთავაზეს ახალგამომცხვარი პური, ყველი, ხინკალი, ლუდი და ბალახეულის ჩაი.

კერნსი საუბრობს მთის წყაროზე, მწყემსის ქოხზე, ორეთის ტბაზე, რომელიც ზღვის დონიდან სამი ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ცხენებით ოთხსაათიან მგზავრობაზე. მან ასევე დაწერა, რომ თუშეთში ზამთარი მალე დგება — ოქტომბერში, რის გამოც თუშეთში მიმავალი ერთადერთი გზა მაისამდე იკეტება. ამის გამო მოსახლეობის უმეტესობა ამ პერიოდში რეგიონს დროებით ტოვებს.

სტატიის ბოლოს კერნსი წერს, რომ სიამოვნებით დაბრუნდება იმ სოფლებში, ადგილებში, სადაც ვერ მოასწრო ყოფნა. ის ასევე მკითხველს საორიენტაციო ფასებს აცნობს. მისი თქმით, თუშეთში სამდღიანი ტური ერთი ადამიანისთვის 185-დან 270 დოლარამდე დაჯდება, ხოლო ექვსდღიანი — 395-დან 535 დოლარამდე.