თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პირად კონტროლზე აიყვანს ღვინის კომპანია Badagoni-ს გარშემო მიმდინარე პროცესებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა კომპანიის ოფისში ჩხრეკა ოთხშაბათს დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის ფარგებში, რომელიც „ბადაგონის" წილების უკანონო მითვისებას უკავშირდება. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი გახდა კვიპროსზე დარეგისტრირებული კომპანია Grakoro trading limited-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიმართვა. Grakoro ადრე „ბადაგონის" 100-პროცენტიან წილს ფლობდა.
„პრემიერის დავალებით, პირად კონტროლზე იქნება აყვანილი კომპანია "ბადაგონში" მიმდინარე პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. როგორც ჩემთვის ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის მოქმედებებს არ შეუჩერებია კომპანიის საწარმოო პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით „ბადაგონის" დამფუძნებლებს, საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით", — განაცხადა ლექვინაძემ.
უფრო ადრე „ბადაგონის" ამჟამად ერთადერთმა მფლობელმა გიორგი სალაყაიამ პრემიერს ამ საქმეში ჩართვის თხოვნით მიმართა.
სალაყაიამ პრესკონფერენციაზე მიმართა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომ აღნიშნულ საკითხში პირადად ჩაერთოს. მისი განცხადებით, ის და კომპანიის თანამშრომლები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ და კომპანიას არავის დაუთმობენ.
მისი მტკიცებით, ყოველივე ამის უკან დგას ბიზნესმენი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, რომელიც კომპანია „ბადაგონის" მითვისებას ჯერ 2006, ხოლო შემდეგ 2012 წელს ცდილობდა.
რაც შეეხება ადამიანს, რომელმაც საგამოძიებო სამსახურს საჩივრით მიმართა კომპანიის წილების უკანონო მითვისების თაობაზე, სალაყაიას განცხადებით, ეს რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავაა, რომელიც თითქოსდა კომპანია Grakoro trading limited-ის წარმომადგენელია.
ამავე დროს, ტელეკომპანია Imedi იუწყება, რომ ჯანჯღავას Grakoro trading limited-თან არანაირი ურთიერთობა არა აქვს. ამ კომპანიის ბენეფიციარები მისი მეუღლე და სიმამრია.
სალაყაიას თქმით, ჯანჯღავა არასდროს ფლობდა „ბადაგონის" წილს და, შესაბამისად, ვერანაირად ვერ შეძლებდა მის გადაფორმებას.
„სავარაუდოდ, ის (ჯანჯღავა) მოძებნა დავით ბეჟუაშვილმა, დააწერინა აბსურდული განცხადება", — დასძინა სალაყაიამ.
კომენტარებით გამოვიდა ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალაძეც.
მისი განცხადებით, როდესაც წილის გაყიდვა განხორციელდა, ეს იყო ფორმალური, ნდობაზე დაფუძნებული გაყიდვა, რადგან მათ ახლო ურთიერთობები ჰქონდათ. შეუძლებელია, ვინმემ დაიჯეროს, რომ კომპანიის ღირებულება, რომელშიც ადამიანმა 20 მილიონ დოლარამდე ჩადო, 50 ათასი დოლარი იყოს, რომელიც თითქოსდა გადაიხადეს წილისთვის, რაც არ მომხდარა, აღნიშნა დვალაძემ.
ამჟამად ჩხრეკის გამო შეჩერებულია „ბადაგონის" ორი ქარხნის მუშაობა კახეთში, რადგან მათ კავშირი აქვთ ცენტრალურ ოფისთან.
რაც შეეხება კომპანია Badagoni-ს წილებს, რეესტრის მონაცემების მიხედვით, პირველი განცხადება მათი ცვლილების შესახებ 2010 წლის 1 თებერვლით არის დათარიღებული. იმ დროისათვის 79%-ს ფლობდა Grakoro trading limited-ი, 7-7% ეკუთვნოდათ მიხეილ სვიმონიშვილს, ნატო ზაალიშვილსა და შოთა გვარაძეს, რომლებმაც საკუთარი წილები Grakoro trading limited-ის სასარგებლოდ დათმეს.
ამგვარად, 2010 წელს Grakoro trading limited-ი კომპანია Badagoni-ს ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 2013 წლის ივლისში Badagoni-ის 40%-იანი წილის მფლობელი გახდა გიორგი სალაყაია, ხოლო 60% ისევ Grakoro trading limited-ის საკუთრებაში რჩებოდა.
2015 წლის იანვრის დასაწყისში Grakoro trading limited-ის წილი კიდევ 10%-ით შემცირდა და სალაყაია 50%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. 2015 წლის იანვრის ბოლოს კი სალაყაია უკვე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.