Boeing-ი და Airbus-ი დეტალებს საქართველოში შეიძენენ

სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტურ ნაწილებს თბილისის აეროპორტთან მდებარე ქარხანაში დაამზადებენ
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოში წარმოებულ დეტალებსა და კომპოზიტურ ნაწილებს შეისყიდიან საავიაციო ინდუსტრიის ისეთი მოთამაშეები, როგორიც არიან Boeing-ი, Airbus-ი და Bombardier-ი, განაცხადა საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება კომპანია Boeing-თან უკვე გაფორმებულია.

სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. „საპარტნიორო ფონდისა" და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის მშენებლობას საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაეყარა.

Один из будущих цехов по производству авиадеталей в Тбилиси

„2018 წლის ბოლოს ქარხანა ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო კი იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასი კონკურენტული იყოს", — განაცხადა საგანელიძემ, იუწყება ფონდის პრეს-სამსახური.

საპარტნიორო ფონდი "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულების დაფინანსებას იწყებს

მაღალტექნოლოგიური ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. ქარხანა აწარმოებს სამოქალაქო თვითმფრინავების დეტალებს, მათ შორის კარებს, აეროდინამიურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს და კომპოზიტურ ნაწილებს.

ამჟამად მიმდინარეობს ქარხნის ტექნიკითა და მოწყობილობებით აღჭურვა. ქარხანა პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს.

ამ დროისთვის კომპანიაში 60-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც მომზადება ისრაელში გაიარეს. მას შემდეგ, რაც ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდება, იქ 300-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტის ღირებულებაა 85 მლნ აშშ დოლარი. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.