ქართველი მხატვრის ცხოვრებისეული ფერწერა ჰოლანდიაში

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ჰოლანდიაში წარმატებულ ხელოვანს ზურაბ კალანდაძეს გაგაცნობთ.
Sputnik

ამ დღეებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მხატვარ ზურაბ კალანდაძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე მხატვრის მიერ 2002-2012 წლებში შექმნილი 27 ნამუშევარია წარმოდგენილი. მხატვრის გამოფენებისა და შეხვედრების ციკლი ასევე გაიმართება ჰააგაში, როტერდამში, ბერხენში, ლარენსა (ჰოლანდია) და ჰასელტში (ბელგია).

ქართველი ხელოვანი 1994 წლიდან ჰოლანდიაში ცხოვრობს. მისი მოღვაწეობა მხატვრობას, პოეზიას, ლიტერატურის კვლევასა და სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობას მოიცავს. ის ჰოლანდიის პროფესიონალ მხატვართა კავშირის და იუნესკოს პარტნიორი ორგანიზაციის ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია. ბატონ ზურაბს თბილისში ყოფნის დროს დავუკავშირდით.

ზურაბ კალანდაძე

– ბატონო ზურაბ, როგორ აღმოჩნდით ჰოლანდიაში და თქვენი იქ დარჩენის მიზეზი რა გახდა?

— ჰოლანდიაში 1993-ში წავედი და მერე უკვე დავრჩი. ძალიან რთული წლები იყო, სიცივე და უშუქობა… ყველაზე რთული კი ის იყო, რომ შემოქმედებითი განწყობა იმ პერიოდში თითქმის ნულამდე დაეცა. ადამიანმა სულიერად ვერ შეძლო საკუთარი თავი ხელში აეყვანა და მომავლის გეგმები დაესახა. ძალიან ბევრი ადამიანი მაგ დროს საკმაოდ დაიჩრდილა, მათ შორის ისეთი ხელოვანი ხალხი იყო, რომლებმაც ვერ შეძლეს სიახლე შეექმნათ. სულ სხვა პრობლემებზე ფიქრობდნენ, თვითგადარჩენაზე და სხვების გადარჩენაზეც.

– როცა იმ დროს ქართველი აღმოჩნდა სხვა გარემოში, თქვენ შემთხვევაში ჰოლანდიაში, მაინტერესებს, რა იყო ეს თქვენთვის — უცხო სამოთხე? თქვენი შეგრძნებები გაიხსენეთ, გაგიჩნდათ სინანული იმის გამო, რომ შენ ქვეყანაში ასე არ არის და კარგა ხანი ვერ იქნება?

— ახლა თქვენ კითხვაში ნაწილობრივ პასუხიცაა, მაგრამ მე არ ვფიქრობდი იმას, რომ ჰოლანდიის სახით სამოთხე ვიპოვე. ჩემ შემთხვევაში მოტივაცია სხვა რამის გამო გაჩნდა: მაგ პერიოდში საქართველოში ქიმიური მეთოდებით ფერწერის შექმნის გზებზე  ვმუშაობდი.

ზურაბ კალანდაძის ნახატი "ერთი ქადაგება"

– თქვენ ხატვის ტექნიკურ მხარეს გულისხმობთ?

— დიახ, სწორედაც, ეს ტექნიკური მეთოდი საქართველოში მე დავიწყე და თითქმის სამი-ოთხი წელი ამაზე ცდებს ვატარებდი. ეს იყო ცდები, რაც ადრე წარმოშობით გერმანელმა მხატვარმა მაქს ერნტსმა დაიწყო. ის ტექნოლოგიები, რომლებზეც მუშაობა პარალელურად მეც დავიწყე, დიდ ენერგიას და შინაგან თავისუფლებას მოითხოვდა. ამ ტექნოლოგიების სრულყოფა ჰოლანდიაში დავასრულე. გარწმუნებთ, იმ დროს მთელი ცხოვრება ჰოლანდიაში დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებდი. იქ ოფიციალური მიწვევით წავედი იმისთვის, რათა ჩემი ცდები დამესრულებინა. თავის დროზე მივიღე წერილი ჰოლანდიის კულტურის მინისტრისგან, რომელსაც ახლაც ვინახავ. წერილში მატყობინებდნენ, რომ მსგავსი ტექნიკა ჯერ არ არსებობს და ჰოლანდიისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. მოკლედ, შედეგად მინდოდა მიმეღო ის მეთოდი, რომელსაც მონოპრინტის (Monoprinting) ტექნიკას ეძახიან და დიდ ტილოებზე მისი გამოყენება შემძლებოდა.

ზურაბ კალანდაძის შემოქმედება

– განვმარტოთ, რას გულისხმობს ეს ტექნიკა?

— ეს ტექნიკა გულისხმობს ზეთის საღებავების მაქსიმალურად გათხელებას და ამ თხელი საღებავებით ტილოზე მის ერთჯერადად დადებას ისე, რომ მას ნახატის ელფერი ჰქონდეს. ფერში ამის მიღწევა ძალიან რთულია. შედეგი მხოლოდ სამი წლის შემდეგ მივიღე. ერნსტმა ამას რაღაც დონეზე შავ-თეთრ ფერებში მიაღწია და მერე ავად გახდა. ჯანმრთელობის პრობლემები მეც მქონდა, მაგრამ ფერს მივაღწიე, ეს კი სიახლე იყო. ასე შემოვრჩი იქაურობას. მერე უკვე გამიჭირდა წამოსვლა, რადგან გამოფენები იყო დაგეგმილი და ხელშეკრულებები გაფორმებული.

– ამ ტექნოლოგიით თუ შექმენით ნახატები?

— ამ ტექნოლოგიით შევძელი მხოლოდ ათი წლის განმავლობაში მემუშავა. შევქმენი ასამდე დიდი ნამუშევარი და 275 მინიატურა. მერე მუშაობა ვეღარ გავაგრძელე, რადგან ფიზიკური პრობლემები შემექმნა.  ჰოლანდიაში ორასამდე გამოფენა მქონდა. ახლაც უკვე წინასწარ მაქვს ათი გამოფენა დაგეგმილი.

ზურაბ კალანდაძის ნახატი "ოჯახი"

– ბატონო ზურაბ, მკითხველს ვაცნობებ, რომ ჰოლანდიაში გამოცემული გაქვთ მხატვრული ნაწარმოებების ოცზე მეტი კრებული ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

— დიახ, ასეა, და რადგან ამ შემთხვევაში უშუალოდ მაინც გამოფენას ვეხებით, მოგახსენებთ, რომ ყოველი გამოფენისთვის წინასწარ ხდება შემზადება. ეს კი კრებულის გაკეთებას გულისხმობს. მე უკვე 24 წელია ჰოლანდიაში ვცხოვრობ და ამ დროის განმავლობაში ეს კრებულები ნელ-ნელა დაიდო, ერთიანად კი ჩანს, რომ ბევრია, მაგრამ ყველაფერი თანამიმდევრულად მოხდა. აქ ლექსებსაც ვაქვეყნებდი. პირველი ლექსი მაშინ გამოვაქვეყნე, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ეს მოხდა ჟურნალ „ცისკარში“, მისი რედაქტორი მაშინ ბატონი მორის ფოცხიშვილი იყო.

— თქვენს ერთს ნახატში, რომელსაც „ოჯახი“ ჰქვია, მამაკაცი ყურძნის მარცვალს აწვდის ქალს. ვაზი სიცოცხლის ქართული სიმბოლოა. მათ გარშემო თორმეტი ბავშვი — ეს თორმეტი მოციქულის თემაა და საერთოდ ნახატში სამოთხის თქვენეული ხედვაა მოცემული თუ?..

— საინტერესოა, თუ ჩემი ნახატი ასე დაინახეთ… საერთოდ იმის გადმოცემა, თუ რას ფიქრობს მხატვარი, როცა ხატავს, მიზანშეწონილი არც არის. მე მგონი, ჯობს, რომ მნახველმა მისი ცხოვრების გამოცდილების მიხედვით ნამუშევარს თავად გაუკეთოს ინტერპრეტაცია და მაშინ ნახატს უფრო გაითავისებს. ეს ჯობს იმას, ვიდრე შენ მოახვიო მას თავზე საკუთარი აზრები, ჩემ აზრებს კი ტილოს თავად მოვახვევ.

– ცნობილია, რომ მხატვრის ნახატი ფსიქოლოგიური ტესტირების მსგავსად თავად ხსნის მისი მნახველის პიროვნებას…

— ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ ევროპაში ფსიქოლოგიური კვლევა ჩატარდა ე.წ. რორშაჰის ტესტის მიხედვით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ხალხი გამწარებული და დეპრესიული იყო,  სამხატვრო ტესტით ადამიანს ნახატში უნდა ამოეცნო ის, რაც მხოლოდ მისი იყო და მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს განაცდევინებდა. ეს იყო ფსიქოლოგიური მომენტი, რომლის დროსაც საკუთარი შინაგანი სამყარო ადამიანს ნახატში თავად უნდა ამოეცნო. ჩემ ნახატში, რაც ზემოთ ახსენეთ, ოჯახის თემა ჩვენი სამშობლოდან მოდის, 12 კი სრულყოფილების რიცხვია და მრავალნაირად გაიაზრება, როგორც რელიგიური კუთხით, ისე ოჯახური გაგებით. მოგეხსენებათ, ციფრებსაც თავისი მნიშვნელობა აქვს.

– სიტყვამ მოიტანა და, ამ კითხვას უცხოეთში მყოფ  თითქმის ყველა ქართველს ვუსვამთ: როგორია შორი მანძილიდან აღქმული საკუთარი ქვეყანა?

— იცით, რა ხდება? მე დღემდე აქტიური კავშირი მაქვს ჩემ ქვეყანასთან, ჩემ ოჯახთან და მეგობრებთან, ანუ სულიერი კავშირი ყველაფერ ამასთან არასდროს გამიწყვეტია. აქ მე გამომცემლობა „მთაწმინდის“ მეშვეობით გარკვეული ტექსტების რედაქტირებას ვაკეთებ და ჩემ ქვეყანასთან ესეც მაკავშირებს. გამოდის, რომ აქაური ცხოვრებით თითქოს ვცხოვრობ კიდეც ყოველდღიურად.

– საინტერესო ცხოვრება გაიარეთ, შეგიძლიათ თქვათ, რა აღმოაჩინეთ მასში ისეთი, რაც თქვენთვის მთავარია?

— გულახდილად გითხრათ, აქეთ თუ იქით, რაც კი გამომიცდია და მინახავს, იმას, რასაც ღირებულს ვეძახით — მხოლოდ სიყვარულია, სიყვარული ოჯახში, სიყვარული მეორე ნახევრის მიმართ, შვილებისადმი, სამშობლოს სიყვარული და, კიდევ, სიკეთისადმი პატივისცემა. მეტი ღირებულება, ანუ ცხოვრების საზომი და არსი დედამიწაზე მე არ მეგულება. მთელ მსოფლიოში ადამიანის ცხოვრების ძირითადი მომენტები ერთი და იგივეა — უბრალოდ კულტურაა განსხვავებული. ჩამორჩენილ ქვეყანაში თუ განვითარებულში, სიყვარული ყველას ერთნაირად სჭირდება და ეს აზრი საბოლოოდ უნდა გავითავისოთ…