მთის კურორტებზე „მინი-საბაგიროები" დამონტაჟდება

საპილოტე პროექტი უკვე დაწყებულია სვანეთში, უშგულში, უშხვანარში, მაზერში, ეცერსა და დაბა ლენტეხში.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ხელისუფლებამ მთის რეგიონის სოფლებში „მინი–საბაგიროების" დამონტაჟება დაიწყო, რაც ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ზამთრის კურორტებზე კვების 25 ობიექტი დააჯარიმეს

პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" და „მინი-საბაგიროების" მწარმოებელი გერმანული კომპანია ახორციელებენ.

„მინი-საბაგიროები" მარტივი კონსტრუქციისაა და თითოეულის ფასი დაახლოებით 25 ათას ევროს შეადგენს. საბაგიროს სიგრძე კი 200-300 მეტრი იქნება. პრემიერის განცხადებით, „მინი-საბაგირო" გზები მოსახლეობისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება.

„მოგეხსენებათ, მთის კურორტებზე ვამონტაჟებთ საკმაოდ ძვირადღირებულ საბაგირო გზებს და ეს ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, სულ გვესმის, რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა წავიდეს. რა თქმა უნდა, ეს ასეა და… ამიტომ დავიწყეთ სოფლებში „მინი-საბაგირო" გზების დამონტაჟება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს, რომ კურორტებით ისარგებლოს", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საპილოტე პროექტი უკვე დაწყებულია სვანეთის მაღალმთიან რეგიონში — სოფლებში უშგულში, უშხვანარში, მაზერში, ეცერსა და დაბა ლენტეხში დამონტაჟებულია საბაგირო გზები.

გარდა ამისა, ზაფხულში იგეგმება სასეირნო ბილიკების, მთამსვლელებისთვის ბილიკების მოწყობა და მის გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები ფუნქციონირებს გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და მესტიაში.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, 2010-2017 წლებში საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე ტურისტების რაოდენობა 364%-ით გაიზარდა. ამ დროის განმავლობაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე, სადაც ერთდროულად 9 ახალი საბაგირო გაიხსნა.

რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.