საქართველო და უკრაინა მზად არიან, ერთმანეთის მართვის მოწმობები აღიარონ

უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა და საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ აღნიშნეს, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობა მაღალ დონეზეა
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებაა ორივე ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმების მომზადება მართვის მოწმობების აღიარებისა და გაცვლის თაობაზე, განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა საქართველოს ელჩთან, გელა დუმბაძესთან შეხვედრისას.

შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები, ასევე, უკრაინაში ლეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გაცვალონ ეროვნული მართვის მოწმობები ანალოგიურ დოკუმენტებზე — შესაბამისად, ქართულზე ან უკრაინულზე.

„უკრაინის შს მინისტრის განცხადებით, ამჟამად თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის შეთანხმების მომზადება მართვის მოწმობების აღიარებისა და გაცვლის თაობაზე, ასევე ურთიერთქმედების მექანიზმების ოპტიმიზაცია, რომლის მიზანია უწყებათაშორისი ტრანსსასაზღვრო დანაშაულის საწინააღმდეგო ქმედებების ეფექტურობა, დანაშაულთან ბრძოლის შესახებ 2011 წლის სამთავრობოთაშორისი შეთანხმების ფარგლებში", — ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უკრაინამ საქართველო „ოფშორული სიიდან" ამოიღო

შეხვედრაზე ავაკოვმა და დუმბაძემ აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის უწყებათაშორისი თანამშრომლობა, კერძოდ, პოლიციური საქმიანობის სფეროში, მაღალ დონეზეა

„ჩვენმა მეგობარმა ხალხებმა ჩვენ გზებზე აღმოცენებული სიძნელეები ერთად უნდა გადალახონ. უკრაინისა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური მუშაობა ორივე ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან დადებითად შეფასდება", — განაცხადა ავაკოვმა.

დუმბაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მჭიდრო ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის ხარისხიან პარტნიორულ ურთიერთობებზე მეტყველებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა თბილისში, 2017 წლის ნოემბერში, ოფიციალური ვიზიტისას ორივე ქვეყნის მთავრობებს შესთავაზა დიალოგის დაწყება ID ბარათების ურთიერთაღიარების შესახებ, რაც, მისი აზრით, გააიოლებს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების გადაადგილებას.