რუსეთში 2017 წელს წასული ქართველების უმრავლესობა სამშობლოში არ დაბრუნებულა

გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც რუსული პასპორტის მიღება სურთ
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. რუსეთში 2017 წელს წასული საქართველოს მოქალაქეების ნახევარზე მეტი სამშობლოში არ დაბრუნებულა, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მიგრაციულ ანგარიშში.

2017 წელს რუსეთში 55 600 საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა, მათგან 30 000 უკან არ დაბრუნებულა. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეების ვიზიტები რუსეთში გახშირდა — გასულ წელს რუსეთს 12 600-ზე მეტი ქართველი ეწვია, ვიდრე ეს 2016 წელს მოხდა.

გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც რუსული პასპორტის მიღება სურს: გასულ წელს რუსეთის მოქალაქეობა 2 535 ქართველმა მიიღო, ხოლო მისი მიღების პროცედურა 7700-მა წამოიწყო. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების პროცესში 20 000 ადამიანი არის ჩართული.

რუსეთმა ახალი სახის ვიზები აამოქმედა – დასჭირდებათ თუ არა ის საქართველოს მოქალაქეებს?

2017 წელს ქართველების უმრავლესობა (29 000) კერძო ვიზიტით წავიდა, სამუშაო ვიზიტით — 2000 ადამიანი, ხოლო სასწავლებლად — ათასზე მეტი.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, იქაც შეინიშნება რუსეთში მიგრაციის ტენდენცია. სომხეთიდან რუსეთში გაემგზავრა და დარჩა 310 000 ადამიანი, აზერბაიჯანიდან — 250 000. გასულ წელს რუსული პასპორტი მიიღო 25 000-მა სომეხმა და 10 000-მა აზერბაიჯანელმა.

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთში იყო უკრაინიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობა მიიღო 85 000-მა უკრაინელმა და დანარჩენი ქვეყნებიდან 25-25 ათასმა მოქალაქემ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

2015 წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ახალი წესების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა — გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა. პროცესის დაჩქარების მიზნით გასული წლის თებერვალში შემოიღეს მიწვევის ახალი სახეობა — ელექტრონული ფორმა.