მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის რეზიდენციის რჩეული გახდა

მარიამ ხაჭვანი 2018 წლის მარტიდან ზაფხულამდე პარიზში, კანის კინოფესტივალის რეზიდენციაში სტაჟირებას გაივლის
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. კიდევ ერთი ქართველი კინორეჟისორი, მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის რეზიდენციის სპეციალური პროგრამის Cinefondation მონაწილე გახდა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

პროექტი „რეზიდენცია" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის ორგანიზატორებმა 2000 წელს ჩაუშვეს. მას შემდეგ პროგრამა ახალგაზრდა რეჟისორებს ყოველწლიურად ასწავლის და ეხმარება კინოს სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში. გასულ წელს მისი რეზიდენტი იყო ქართველი რეჟისორი რატი წითელაძე პროექტით „ცარიელი სახლი".

როგორც კინოცენტრში აღნიშნავენ, მარიამ ხაჭვანი მთელი მსოფლიოდან შერჩეულ ექვს რეჟისორთა შორის მოხვდა. მასთან ერთად დიდ კინემატოგრაფში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ ცეზარ ასევედო და სანტიაგო ლოზანო კოლუმბიიდან, ჩია-ქსინ ლიუ ტაივანიდან, მინ ბაჰადურ ბამი ნეპალიდან და სარა კერნი სლოვენიიდან.

„საუკეთესო ფილმები 2017, რომლებიც არ გინახავთ“ - ქართული ფილმი ტოპ-ხუთეულშია

სტაჟირებას კანის „რეზიდენციაში" ხაჭვანი 2018 წლის მარტიდან ზაფხულამდე გაივლის. ამ დროის განმავლობაში რეჟისორს დაეხმარებიან სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარის დამუშავებაში, ასევე კინოწარმოების ორგანიზაციაში კონსულტაციების გაწევაში.

ამის პარალელურად, რეზიდენტები შეისწავლიან ფრანგულ ენას.

Cinefondation Residence-ის პროგრამაში ხაჭვანი კინოპროექტ „ნენეს" გავითარებაზე იმუშავებს, რომლის პროდიუსრია ვლადიმერ კაჭარავა. მომავალი სურათი ეხება ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ძალადობის გამოყენებას. პროექტმა უკვე მოიპოვა 2017 წელს ავსტრალიაში პრესტიჟული საერთაშორისო კინოპრემიის Asia Pacific Screen Awards გრანტი.

ეს მარიამ ხაჭვანის ვლადიმერ კაჭარავასთან პირველი ნამუშევარი არ არის. აღსანიშნავია, რომ ფილმი „დედე"კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. ხაჭვანის სურათი, რომელიც მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში East of the West–ი, ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. 2017 წლის ოქტომბერში ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე" საუკეთესო რეჟისორურისთვის „ვერცხლის ანგელოზით" დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში, მონპელიეს Cinemed–ის ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა, შემდეგ კი პრესტიჟული საერთაშორისო Asia Pacific Screen Awards-იდან (APSA) გამარჯვებული დაბრუნდა.