თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სოსო პავლიაშვილის პროდიუსერი და ნათლული გიორგი გაბედავა სახის ტრავმებით და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება პორტალი МК.
გიორგი გაბედავა თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად (წყვილი ახლახან დაქორწინდა) თბილისიდან მოსკოვში ერთ-ერთი პროექტის გადასაღებად ჩავიდა. ოჯახის მეგობარმა ახალდაქორწინებულებს კომუნალურ ბინაში მის ოთახში დაბინავება შესთავაზა.
მაგრამ ბინაში გამუდმებით ხდებოდა სკანდალები მეზობელთან, უმუშევარ ბესიკ ქადარიასთან, რომელიც კომუნალური ბინის მთლიან ფართობს საკუთარ ქონებად მიიჩნევდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გაბედავების ოჯახმა სხვა ბინაში გადასვლა გადაწყვიტა.
„არ მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, რომ მეზობელს ბოდიშის მოხდა უნდა“, — ციტირებს პორტალი გაბედავას ნათესავს, რომელიც ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, ჩხუბი მოულოდნელად დაიწყო. თავდამსხმელებმა (ბესიკს მისი სიძე ეხმარებოდა) აიღეს ლითონის მილი, დანა და პისტოლეტი, რომელიც ტრავმატული აღმოჩნდა. ინგას თქმით, გიორგი დანის დარტყმას სასწაულებრივად გადაურჩა — რაღაც მომენტში ის გაგიჟებულ მეზობელს ხელიდან გაუვარდა.
„გიორგის ძალიან მაგრად ურტყამდნენ სახეში. მოგვიანებით დაუდგინდა ყბის და ცხვირის მოტეხილობა. გიორგის ასევე აქვს სამი ცეცხლსასროლი ჭრილობა — ორი მუცლის არეში, ერთი — გვერდში. ერთი ტყვია ექიმებმა საავადმყოფოში ამოუღეს, სადაც მიყვანისთანავე ოპეარცია ჩაუტარდა. ამ დღეებში ქირურგები სახის ჭრილობებს მიხედავენ“, — განაცხადა ინგა გაბედავამ.
მისი თქმით, ოჯახს მოუწოდებენ შერიგებისკენ, მაგრამ დაშავებული წინააღმდეგია და აპირებს სასამართლოს მიმართოს. „გარდა ამისა, ჩვენ უკვე მივმართეთ საკუთარი უსაფრთხოების სამმართველოს საჩივრით პოლიციის თანამშრომლების უმოქმედებასთან დაკავშირებით“, — განაცხადა დაშავებულის ნათესავმა.