თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ადგილზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, კაფეტერია და საკონფერენციო დარბაზი. შენობაში ასევე განთავსდება ადმინისტრაციის ოფისი“, — ნათქვამია განცხადებაში.
ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა.
ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ეფექტურად განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო. პროექტის ღირებულება 1 070 500 ლარს შეადგენს.
ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და ზღვის დონიდან 1100-1950 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ალგეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან ბაზას. მას გააჩნია რეკრეაციულ-კურორტოლოგიური, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ეროვნულ პარკს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს ფოტო-ვიდეო, ფრინველებზე დაკვირვების, ეკოლოგიური, ბოტანიკური და სამანქანო-სათავგადასავლო ტურების მოსაწყობად. დაცულ ტერიტორიაზე განვითარებულია ტურიზმის ისეთი ფორმები, როგორიცაა: ფეხით სასიარულო, საცხენოსნო და არქეოლოგიური ტურები.