ორი მოზარდის დაჭრის საქმე: ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა და პატიმრობა შეეფარდა

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

გადაწყვეტილება საქაალქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

31 იანვრის ღამეს წითელ ბაღში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულისთვის ბრალდების მხარე პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე  გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

როგორც ცნობილი გახდა, წარდგენილი 117-ე მუხლი — ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, განზრახ მკვლელობის მცდელობით გადაკვალიფიცირდა. 

დაჭრილი მოსწავლეები კვლავ საავადმყოფოში არიან

როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალის დამძიმება მათ მიერ საქმეში წარდგენილმა ახალმა მტკიცებულებებმა განაპირობა, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

„პრაქტიკულად, მან დააპატიმრა ბავშვი, რომელიც სწავლობს მე-12 კლასში წარჩინებით, ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის. ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ“, — განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

მოზარდებს შორის დაპირისპირება ყაზბეგის გამზირზე, ე. წ. წითელ ბაღთან 31 იანვარს მოხდა. სისხლიან გარჩევას უცნობებთან ურთიერთობების გამორკვევა უძღოდა წინ. ორი მოზარდი, რომლებიც გულის არეში ცივი იარაღით დაჭრეს, 35-ე საჯარო სკოლის პარალელურ კლასებში სწავლობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მოზარდი საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა, ხოლო მეორე დამოუკიდებლად მივიდა. მათ გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდათ. ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-12 კლასელია.