ცნობილ ტენორს, თეიმურაზ გუგუშვილს თბილისში ვარსკვლავს გაუხსნიან

თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი ევროპის წამყვანი თეატრების სცენებზე გამოდიოდა
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი ტენორის, თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობის წინ 2018 წლის 4 თებერვალს გაიხსნება, აღნიშნულია თეატრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სახელობითი ვარსკვლავის გახსნის წინ (18:00 საათი) გაიმართება სადღესასწაულო საღამო. კონცერტის პროგრამაშია ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკას" პირველი მოქმედება და რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზების" მეორე მოქმედება. სცენაზე გამოვლენ ცნობილი მომღერლები: თამარ ივერი, სულხან გველესიანი, თამაზ საღინაძე, ვანო გალუაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი და გიორგი ჭელიძე.

საღამოში ასევე მონაწილეობს თეატრის გუნდი ორკესტრი, დირიჟორი — ვიქტორ პლოსკინი (ბელარუსი). კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელია ბადრი მაისურაძე.

გუგუშვილის თაყვანისმცემლები მას „ოქროს ტენორს" უწოდებენ. მომღერლის ჯილდოთა შორისაა საქართველოს სახელმწიფო პრემია და ღირსების ორდენი, მრავალი პროფესიული პრიზი, ასევე ნებისმიერი შემსრულებლისთვის უდიდესი გამოცდილება — სტაჟირება მილანის „ლა სკალაში".

თეიმურაზ გუგუშვილი ბაქოს სცენაზე იმღერებს

თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში თეიმურაზ გუგუშვილმა შეასრულა ტენორის პრაქტიკულად ყველა პარტია კლასიკური რეპერტუარიდან — მოცარტის, დონიცეტის, როსინის, ვერდის, პუჩინის, მასკანის, ლეონკავალოს, გუნოს, ჩაიკოვსკის, მუსორგსკის, პროკოფიევის, ქართველი კომპოზიტორების ოპერებში. გუგუშვილი გამოდიოდა რუსეთში, აშშ-ში, იაპონიაში, ისრაელში, თურქეთში, ასევე ევროპის წამყვანი თეატრების სცენებზე.

თეიმურაზ გუგუშვილი — ვოკალისტი და პედაგოგი, იმ ოსტატთა პლეადას მიეკუთვნება, რომელთაც მნიშვნელოვნად გაამდიდრეს ქართული ვოკალური სკოლა და სახელი გაუთქვეს საქართველოს უცხოეთში.