საქართველოს მეტი ღვინის გაყიდვა სურს

მთავრობა 2018 წელს ყურძნის მოსავლის სუბსიდირების პროგრამას გააგრძელებს
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი 2018 წელს მეღვინეობა დარჩება და საქართველოს მთავრობა მისი განვითარებისთვის რიგი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 76,7 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლიტრი), რაც 2016 წელთან შედარებით 54%-ით მეტია.

საქართველომ 2017 წელს მევენახეობასა და ღვინის ექსპორტში რეკორდი დაამყარა

მთავრობა 2018 წელს მეღვინეობის დარგის განვითარებას გააგრძელებს და მისი მთავარი მიზანი გასაღების ახალი ბაზრების ათვისება და მომხმარებლის უხარისხო პროდუქციისგან დაცვა იქნება, ნათქვამია კანონში „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ".

წელს მევენახეობის სექტორზე 25 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება. თანხა მიმართული იქნება ქართული ღვინის კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობაზე.

ამას გარდა, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება უცხოურ ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნება და სარეკლამო რგოლების შექმნა.

სახელმწიფო ასევე გააგრძელებს არქეოლოგიურ გათხრებს ყურძნის წიპწების აღმოსაჩენად, ღვინის უძველესი წარმოშობის დასადასტურებლად.

ყველაფერთან ერთად, სახელმწიფო გააგრძელებს ვენახების ფართობის აღრიცხვასა და ყურძნის მოსავლის სუბსიდირების პროგრამას.