„ალტერნატივა არ იქნება" - თბილისმა Heritage Foundation-ის მოხსენება დაგმო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა თავისი საგარეო პოლიტიკური კურსიდან არ გადაუხვევს
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ გზაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ალტერნატიული სცენარები უადგილოა, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ამერიკული კვლევითი ცენტრის, Heritage Foundation-ის ვებ-გვერდზე კვირას გამოქვეყნდა ლუკ კოფის მოხსენება, რომელშიც ის წერს, რომ ნატოს რიგი წევრები შიშობენ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამო, ავტომატურად გამოიწვევს რუსეთთან ომს, ხოლო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სიხარულით მიიღებენ ნატოს წევრობის კომპრომისულ ვარიანტს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით (ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მოქმედების შეჩერება).

„არანაირ ალტერნატიულ სცენარებზე საუბარი არ შეიძლება იყოს. საქართველოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული ხაზი და საქართველოს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მხრიდან და ასევე, ალიანსის მხრიდან, რომელსაც ჩვენ მივყავართ წევრობამდე", — განაცხადა ჯანელიძემ. იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აბაშიძე კარასინთან მწვავე თემების განხილვას აპირებს

ნატოს წესდების მეხუთე მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან რამდენიმე მათგანზე განიხილება, როგორც თავდასხმა მთლიანობაში მათზე და, შესაბამისად, თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, თითოეული, ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის განხორციელებისას, რომელიც აღიარებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლით, დაეხმარება შეთანხმებულ ან შეთანხმების პროცესში მყოფ მხარეს (თავდასხმის ობიექტს) დაუყოვნებლივი ინდივიდუალური ან კოლექტიური ქმედებებით, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ, შეიარაღებული ძალების გამოყენებით, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისა და შემდგომი შენარჩუნების მიზნით.

საქართველოს ჩრდილოეთ მეზობელი კატეგორიული წინააღმდეგია საკუთარი საზღვრების მიმართულებით ქვეყნის ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაფართოების. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების საქართველოს მილიტარიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, ეს არ განამტკიცებს საქართველოს უსაფრთხოებას.

კარასინი: ნატოსთან თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოებას არ გაამყარებს

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. თბილისმა დიპლომატიური კავშირები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

საქართველო-ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.