ძუძუს კიბო - ყველაზე გავრცელებული დაავადება 2017 წელს საქართველოში

ძუძუს კიბოს დროს ლეტალური დასარულის მთავარი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ბოლო წლების განმავლობაში ძუძუს კიბოს გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 35,5%-ით გაიზარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გარდა ამისა, ძუძუს კიბო 2017 წელს ყველაზე გავრცელებული დაავადება გახდა საქართველოში. ლეტალური დასასრულის მიზეზი ხშირად დაგვიანებული მკურნალობაა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს კვლევების ჩატარებას.

მკერდის კიბო საქართველოში ყოველწლიურად ასობით ქალს გამოუვლინდება

ონკოლოგ-ქირურგის, გია ნემსაძის თქმით, კიბოს განვითარების აღკვეთის მრავალი შესაძლებლობა და გზა არსებობს.

„ძუძუს კიბო ისევე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოშიც კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა", — განაცხადა ექიმმა.

ამ დაავადების აღსაკვეთად, საჭიროა 25 წლამდე გათხოვება, რაც შეიძლება მეტი შვილის გაჩენა და მათი ძუძუთი გამოკვება. გარდა ამისა, ექიმი არ ურჩევს აბორტების გაკეთებას, რადგან ის ორგანიზმში ძლიერ ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს.

ონკოლოგები ქალებს აფრთხილებენ, რომ წელიწადში ერთხელ აუცილებლად გაიარონ კონსულტაცია გინეკოლოგთან, მამოლოგთან და ენდოკრინოლოგთან.

მამაკაცების შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა პროსტატის კიბო. სპეციალისტები მამაკაცებს 45 წელს ზევით გამოკვლევის ჩატარებას ურჩევენ წელიწადში ერთხელ, რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა პროსტატის კიბოს განვითარების რისკი.