საქართველოში „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღოები არსებობენ

კოღო არის, მაგრამ დაავადების გავრცელების საშიშროება არა
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღო არსებობს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან.

ზიკას ვირუსი: როგორ დავიცვათ თავი

იმნაძე ამ ფორმით გამოეხმაურა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „როსპოტრებნადზორი“ რუს ტურისტებს თურქეთის პროვინციებში — ართვინში, რიზესა და ტრაბზონში „ზიკას“ გადამტანი კოღოების არსებობის შესახებ აფრთხილებს.
 „როგორც თურქეთში, ისე საქართველოსა და რუსეთში, „ზიკას“ გადამტანი კოღოები არსებობენ. ამაში ახალი არაფერია. თურქეთის, რუსეთის და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ეს კოღო არის, მაგრამ ზიკას გავრცელების რისკი არ არსებობს, რადგან ზიკათი დაავადებული არ არიან. კოღო არის, მაგრამ ვირუსი — არა. თურქეთში იყო სულ 4 ავადმყოფი, რომლებიც ცუდად გახდნენ კუბაში…  ასე რომ, ყველას შეუძლია წყნარად იყოს”, — აღნიშნა პაატა იმნაძემ.
„ზიკა“ — მაიმუნების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ზოგჯერ ადამიანზეც გადადის კოღოს ნაკბენის საშუალებით. ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალბატონებისთვის, ვინაიდან ნაყოფში მიკროცეფალიას იწვევს ტვინის პოტენციურად მძიმე დაზიანებით.