როგორ შეიცვლება ფასები საქართველოში 2018 წელს - ეროვნული ბანკის პროგნოზი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 7,25%-ის დონეზე შენარჩუნება გადაწყვიტა
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ინფლაციის წლიური დონე შემცირებას 2018 წლის პირველ რამდენიმე თვეში დაიწყებს და მიზნობრივ დონესთან — 3%-თან ახლოს დარჩება, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

„2017 წლის ბოლოს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი საგრძნობლად გაუფასურდა, რამაც გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე და ხელი შეუწყო ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებას. აღნიშნულის პასუხად კომიტეტმა 13 დეკემბრის სხდომაზე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა", — აღნიშნულია ეროვნული ბანკის მასალებში.

საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 4,8%-ით გაიზარდა

ბოლო დროს ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს გამყარების ტენდენცია აქვს. თუმცა, წინა პერიოდის გაუფასურების გავლენა ინფლაციაზე ჯერ კიდევ გრძელდება. ამასთან, 2017 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ პოტენციურ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება, რაც ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. შესაბამისად, კომიტეტმა ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის დამატებითი გამკაცრება საჭიროდ არ მიიჩნია.

აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 7,25%-ის დონეზე შენარჩუნება გადაწყვიტა. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განეიტრალდება ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები.

„2017 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.7 პროცენტი შეადგინა, რომელშიც ერთჯერადი ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი) ფაქტორების გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე დაახლოებით 2.9 პროცენტული პუნქტი იყო. აღნიშნული ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ინფლაცია შემცირდება", — ნათქვამია მასალებში.

კიკვიძე: მთავრობას ინფლაციის 3%-ზე შესანარჩუნებლად სერიოზული მუშაობა მოუწევს

ინფლაციის დონეზე 2018 წლის განმავლობაში იმოქმედებს რამდენიმე ეგზოგენური ფაქტორი, როგორიცაა, მაგალითად, იანვრიდან ადმინისტრირებული ფასების (ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების) ზრდა; საერთაშორისო ბაზრებზე 2017 წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული ნავთობის ფასების მატება, რომელიც 2018 წელსაც გააგრძელებს ინფლაციაზე გავლენას. სხვა თანაბარ პირობებში, ამ ფაქტორების წვლილი საშუალოდ 0.5 პროცენტული პუნქტი იქნება.

დადებითი ტენდენციებია შენარჩუნებული გარე სექტორში. საქონლის ექსპორტის, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების მოცულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ფონზე, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინასწარი შეფასებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება 2018 წელსაც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლის შემცირებას.

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 14 მარტს გაიმართება.