საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

ყველა მსურველს შეუძლია შეხვდეს ქართველ მწერლებს, დრამატურგებსა და მთარგმნელებს
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მესამედ აღნიშნავენ — 1 თებერვალს ქვეყნის რეგიონებში დაგეგმილია საჯარო შეხვედრები ლიტერატორებთან, თბილისში ყოველწლიური პრემიის „წლის წიგნის ქომაგი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კომპანია LitWorld-ის ინიციატივით 2010 წლიდან აღინიშნება. ღონისძიება ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება და 30 მილიონზე მეტ კითხვის მოყვარულს აერთიანებს. საქართველო ამ დღესასწაულს 2016 წელს შეუერთდა.

დღესასწაულის ფარგლებში თბილისში, მცხეთაში, რაჭაში, აჭარაში, კახეთსა და მესტიაში გაიმართება შეხვედრები უნივერსიტეტებში, სკოლებში, ბიბლიოთეკებში, წიგნის მაღაზიებში და ლიტერატურულ კაფეებში. 

დასახელდნენ საქართველოს საუკეთესო საბავშვო მწერლები

ყველა მსურველს შეუძლია შეხვდეს ქართველ მწერლებს, პოეტებს, დრამატურგებსა და მთარგმნელებს. მათ შორის არიან გურამ პეტრიაშვილი, ლაშა ბუღაძე, შოთა იათაშვილი, დავით გაბუნია, გიორგი არაბული, გვანცა ჯობავა, ვასო გულეური, გურამ მაცხონაშვილი, ანინა ტეფნაძე, ტორეს მოსი (ბახტანგ მოსიაშვილი) და სხვ.

ქართველი ლიტერატორები ისაუბრებენ თავის ბოლო ნაწარმოებზე, წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე და ასევე დამსწრეთა კითხვებს უპასუხებენ.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება. ღონისძიებაზე ქართველი მწერლები გელა ჩარკვიანი, ალეკო შუღლაძე და გიორგი კეკელიძე საკუთარ ნაწარმოებებს წაიკითხავენ და თანამედროვე მსოფლიოში ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.  იქვე გაიმართება ყოველწლიური პრემიის „წლის წიგნის ქომაგი“ დაჯილდოების ცერემონია. 

ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. პროგრამის დეტალები იხილეთ აქ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ორგანიზაცია LitWorld-ის და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.