საქართველოში მიმდინარე ტენდერების შესახებ ევროკავშირში შეიტყობენ

საქართველომ გაამარტივა ტენდერების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ევროკავშირის ქვეყნებისთვის
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველო შეუერთდა ტენდერების ევროპულ ნაციონალურ საძიებო პლატფორმას OPENTENDER.EU, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პლატფორმა მოიცავს ინფორმაციას 35 ქვეყანაში ჩატარებული სახელმწიფო ტენდერების შესახებ.

ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის გარდა, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ჩატარებული ტენდერების შესახებ საქართველოში, შვეიცარიაში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, სერბეთსა და სომხეთში.

მთავრობა მუნიციპალიტეტებში ტენდერებზე კონტროლს აძლიერებს

ვებგვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია გამოცხადებული ტენდერების შესახებ, იმაზე, თუ რომელმა კომპანიებმა მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანეს და იმ ადამიანების გვარები, რომლებმაც ის შეიტანეს. შესაძლებელია ტენდერში მონაწილე კომპანიების რეიტინგის და იმ კრიტერიუმების გაცნობა, რომლითაც გამარჯვებული კომპანია შეირჩა.

ვებ-პლატფორმა OPENTENDER.EU ნაწილია კვლევითი პროექტისა DIGIWHIST, რომლის მიზანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივება და სახელმწიფო სექტორში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება.

პროექტში ექვსი კვლევითი ინსტიტუტია ჩართული. ევროპული ანტიკორუფციული ცენტრის დირექტორის, ალინა მუნჯიუ-პიპიდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტენდერების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, შესაძლებელია მონაცემების ანალიზიც. ახალი პლატფორმით სარგებლობა უფასოა. პლატფორმა დღეიდან ამუშავდა.

DIGIWHIST-ის მიზანია — ერთდროულად მთავრობებისადმი ნდობისა და მთელი ევროპის მასშტაბით სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა.