კალაძემ თბილისში პარკირების პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა

თბილისში პარკირების პრობლემა კომპლექსურ დამოკიდებულებას საჭიროებს, აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის ხელისუფლება პარკირების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის მთლიანად გადაწყვეტას აპირებს.

ასეთი განცხადება კალაძემ მაშინ გააკეთა, როდესაც პასუხობდა ჟურნალისტის შეკითხვას, გეგმავს თუ არა მერია ე.წ. „სტაიანშჩიკების“ გაკონტროლებას, რომლებიც პარკირების ადგილებზე მუშაობენ.

თბილისში პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 2007 წლიდან კომპანია C.Т. Park-ს აქვს. მასთან კონტრაქტი 15 წლით არის დადებული. თბილისის წინა მერმა დავით ნარმანიამ C.Т. Park-თან დადებულ შეთანხმებას არაერთხელ უწოდა კაბალური.

როგორ მუშაობენ თბილისელი "სტაიანშიკები": „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

„სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დაწყებულია. გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ეს არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება, ეს არის კომპლექსური პრობლემა ქალაქში: აქ არის ტრანსპორტის მოწესრიგება, პარკირების მოწესრიგება, ტაქსების რეგულაციები, ესტაკადების მშენებლობა და ა.შ. ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ ყველაფერი, რომ „საცობების“ პრობლემა მოგვარდეს, პარკინგები არსებობდეს როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული", — აღნიშნა კალაძემ.

უფრო ადრე კალაძემ 2018 წელს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დედაქალაქში სატრანსპორტო სისტემის განვითარება დაასახელა.

კალაძემ ადრე განაცხადა, რომ ბევრი თბილისელია უკმაყოფილო C.Т. Park-ის მუშაობით. ჯარიმების გასაჩივრების შემთხვევების 99% სასამართლომ მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვიტა. კალაძის თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია უკანონოდ მოქმედებს. კალაძემ C.Т. Park-თან სასამართლო გარჩევის დაწყება არ გამორიცხა.

კალაძეს მერიის ბიუჯეტიდან „C.Т. პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდა არ სურს

თბილისის მერიამ C.Т. Park-თან კონტრაქტი 2007 წლის დეკემბერში 2022 წლამდე ვადით გააფორმა. კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში მერიამ უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც გამოითვლება ფორმულით: 500 ათასი ლარი გამრავლებული კონტრაქტის გაწყვეტამდე არსებული თვეების რაოდენობაზე.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალაქის მერიას უკვე მოუწოდეს C.Т. Park-თან კონტრაქტის გაწყვეტისა და 25 მლნ ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდისკენ.

კომპანია C.Т. Park-ი მთლიანად აკონტროლებს თბილისში პარკინგს და არასწორად პარკირების შემთხვევაში ჯარიმის გამოწერის უფლება აქვს. კონტრაქტის თანახმად, კომპანია თითოეული ჯარიმიდან 3 ლარს იღებს, თანხის დანარჩენი ნაწილი კომპანიასა და თბილისის მერიას შორის (40%/60%-ზე თანაფარდობით) ნაწილდება.

C.Т. Park-ის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში თბილისის მერიას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს.