თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ გიორგი სილაგაძისა და თემურ მენაბდიშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებაში სამართალდამცველების მისამართით კრიტიკა გამოიწვია.
სილაგაძისა და მენაბდიშვილის დაკავების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციისგან ითხოვს განმარტებას, თუ რის საფუძველზე აკავებენ მას. მომხდარს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. სილაგაძე და მენაბდიშვილი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციის ინსპექტორებმა რამდენიმე ახალგაზრდა გააჩერეს, რათა დაედგინათ მანამდე მომხდარ კონფლიქტში მონაწილე პირები. ამ მომენტში სილაგაძე და მენაბდიშვილი ესკალატორით მოძრაობდნენ, ისინი პოლიციელების მიერ კანონიერად გაჩერებულ ახალგაზრდებს გამოესარჩლნენ და პოლიციის ქმედება გააპროტესტეს. შსს–ში ამტკიცებენ, რომ დაკავებულებმა პოლიციელებს შეაფურთხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიციის შეურაცხყოფა დანაშაულია.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციელი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. შესაბამისად, პოლიციელებმა შეასრულეს კანონის მოთხოვნა და დაიწყეს აღნიშნული პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი სიტყვებით, დაკავების პროცესში სილაგაძემ და მენაბდიშვილმა განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინციდენტის სრულ ჩანაწერს წარუდგენს.
ამასთან, მეზვრიშვილმა დაამატა, რომ პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში რეაგირება იქნება მკაცრი.
„მოვუწოდებთ საზოგადოებას, ნუ შეუშლიან ხელს პოლიციას კანონიერი ქმედებების შესრულებაში, რომლის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
სილაგაძეს და მენაბდიშვილს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.