შეხლა-შემოხლა თბილისში ღამით: დაკავებულები პოლიციელებს ადანაშაულებენ

შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცები წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ამ ღამით თბილისში, მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან" დაკავებულები გიორგი სილაგაძე და თემურ მენაბდიშვილი პოლიციას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სილაგაძისა და მენაბდიშვილის დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციისგან ითხოვს განმარტებას, თუ რის საფუძველზე აკავებენ მას. მომხდარს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს.

„დაკავებულები ჩამოდიოდნენ ერთი ესკალატორით, მეორე ესკალატორზე იყვნენ პოლიციელები. მოულოდნელად ერთ-ერთი პოლიციელი გადმოახტა ესკალატორს, ჩასრიალდა, დახვდა და მაშინვე ხელბორკილის დადება დაუწყო. წაქცევის მცდელობა ჰქონდათ", — განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა ეგნატე შამუგიამ.

როგორც „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქეები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. ისინი წვრილმანი ხულიგნობისთვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

ძალადობა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით: დაკავებულია ორი პოლიციელი

დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. ისინი პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულო არიან.

წინასწარი ინფორმაციით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ დღეს იმსჯელებს.

გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.