ბანკირი „ჯოტიას“ ახალი რეკორდი და „ხუტა უფროსის“ განცდები...

საბანკო მიღწევები ციფრებში... გასული წლის შემოსავლები, ხარჯები და მოგება... ვინ ლიდერობს საბანკო სექტორში, ვინ აკონტროლებს საფინანსო ბაზარს, რატომ ტოვებენ ბაზარს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბოლოს სად გადის ჩვენებური ბანკირის ზღვარი?
Sputnik

ჩვენთვის უყივლია მამალსო! დიახ, სწორედ ასე და არა სხვაგვარად უნდა ბრძანებდნენ ჩვენი საბანკო სისტემის წარმომადგენლები. წინამდებარე სტატია მათთვის დაიწერა, ვისაც ეს ჩემი შეფასება გადაჭარბებულად ეჩვენება. საქართველოს საბანკო სექტორი რომ ვითარდება და წლიდან წლამდე ცაში ვარსკვლავებს წყვეტს, იმედია, პატივცემული მკითხველისთცის, უკვე არახალია. რამდენიმე დღეა, რაც ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების საქმიანობის გასული წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ 2017 წელი ჩვენი ბანკირებისთვის სარეკორდო გამოდგა. არ მიყვარს, როცა სტსტია ციფრებით ზედმეტად იხუნძლება, თუმცა ამჯერად მომიწევს სტატისტიკური მონაცემების მოყვანა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი…

მსოფლიო ბანკმა ქართული ეკონომიკის პერსპექტივები შეაფასა

2017 წლის მანძილზე თექვსმეტი კომერციული ბანკის ჯამური შემოსავალი 3 მილიარდ 583 მილიონი ლარის ტოლია, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 15 პროცენტით აღემატება. გასულ წელს ბანკებმა 368 მილიონი ლარის შემოსავალი საკომისიოებიდან მიიღეს, 202 მილიონი ლარი კი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან, 77 მილიონი ლარი ჯარიმებიდან და საურავებიდან. გასულ წელს ბანკების მიერ დეპოზიტების მომსახურებაზე გაწეული საპროცენტო ხარჯი 668 მილიონ 500 ათასი ლარი იყო. ხოლო სესხებიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 2 მილიარდ 760 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა ხუთჯერ მეტია ანაბრების მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებზე.

რაც შეეხება გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებას, ის კვლავაც შთამბეჭდავია და უფრო მეტიც, ყველა დროის მაჩვენებელზე უკეთესი… 2017 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869 მილიონ 798 ათასი ლარი შეადგინა, რაც 28 პროცენტით, 190 მილიონ 600 ათასი ლარით მეტია 2016 წელთან შედარებით, როცა ბანკებმა 679 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. 2015 წელს ბანკებმა მოგების სახით 537 მილიონ 394 ათასი ლარი მიიღეს, 2014 წელს – 474 მილიონ 808 ათასი ლარის მოგებით დაასრულეს, 2013 წელი – 389 მილიონ 132 ათასი ლარით, 2012 წელი —134 მილიონ 231 ათასი ლარით და ა. შ. 

გარჯა „ჩვენებური“ და ბუნტის შიშით გაბნეული მილიონები

როგორც ვხედავთ, კომერციული ბანკების მოგება ყოველ მომდევნო წელს მატულობს. ზოგადად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია. 

რაც შეეხება ყველაზე მომგებიან ბანკებს, ლიდერობას წლებია არავის უთმობს „საქართველოს ბანკი, რომელსაც „თიბისი ბანკი“ მოსდევს. ორი მსხვილი ბანკის მოგებამ  667 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ მთელი სექტორის მოგების 76 პროცენტი ორ ბანკზე მოდის.  

მაღალი მოგების მიუხედავად, საბანკო სექტორი ბიუჯეტში არცთუ ისე დიდ ფულს იხდის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წელს კომერციულმა ბანკებმა ბიუჯეტში 79 მილიონ 317 ათასი ლარი შეიტანეს, 2015-ში – 67 მილიონ 252 ათასი ლარი, 2014-ში – 79 მილიონ 894 ათასი ლარი, 2013 წელს კომერციული ბანკების მოგების გადასახადმა მხოლოდ 44 მილიონ 534 ათასი ლარი შეადგინა 2017 წელს მოგების გადასახადის სახით ბანკებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 91 მილიონი  ლარი გადაიხადეს.

ლაღად „მოცურავე“ ლარი, გაძვირებული კრედიტები და გაღარიბებული ხალხი!

გასულ წელს საბანკო სექტორში ე.წ გამსხვილების ტენდენცია გამოიკვეთა. გაერთიანების შედეგად ბანკების რაოდენობა შემცირდა. შედარებით სუსტი კომერციული ბანკები „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ შეისყიდა. 2017 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც „თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.64 პროცენტი 315 მილიონ ლარად შეიძინა. ეს ტრანზაქცია უდიდესია ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში…

„საქართველოს ბანკმა“ კი „პროკრედიტ ბანკის“ მიკრო და მცირე ბიზნესის 45 მილიონიანი პორტფელი იყიდა, რაც მთლიანი პორტფელის 12 პროცენტს შეადგენს. გარიგების შედეგად „საქართველოს ბანკის“ პორტფელი, დაახლოებით, 120 მილიონი ლარით, ხოლო კლიენტების რაოდენობა 2400 პერსონით გაიზრდა.

სავსე ქისა და გატეხილი ქოთანი - შუა უკვე გაიკრიფა?!

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის საფინანსო ბაზარს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“ დატოვებს. მიზეზად დიდი ოდენობით ვალი სახელდება. საერთაშორისო ბაზრებზე აღნიშნული ბანკის ვალი 3 მილიარდ 400 მილიონ მილიარდ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, საბანკო და საფინანსო წრეებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  „ქართუ ბანკს“ „ლიბერთი ბანკი“ ყიდულობს. „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ორი ბანკის შერწყმას არ ადასტურებენ „ლიბერთი ბანკში“… მიუხედავად ამისა, თუ ეს გარიგებაც შედგა, ქვეყნის საბანკო სექტორი ბაზარზ თოთხმეტი კომერციული ბანკით იქნება წარმოდგენილი.

ამასობაში კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა მცირდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ბოლოს 75 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ იმავე წლის მაისში საქართველოში 88 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებდა. სპეციალისტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირებას გამკაცრებულ რეგულაციებს უკავშირებენ, არ გამორიცხავენ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს. შესაძლოა, წელს ფინანსურ ბაზარზე არასაბანკო დაწესებულებების გამსხვილების პროცესიც დაიწყოს…

ლარის გამბიტი, ანუ „გულუხვი“ ბანკები და „გაქცეული“ დოლარი...

ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე: „ეს საფინანსო სექტორისათვის ძალიან ცუდი ტენდენციაა, რადგან არასაბანკო საფინანსო სექტორი საფინანსო სისტემის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ის არის პირდაპირი კონკურენტი საბანკო სექტორის და მისგან განსხვავებით მოსახლეობის უფრო ფართო ნაწილისთვის ქმნის დამატებითი შემოსავლის და საკრედიტო დაბანდების შესაძლებლობებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეროვნულ ბანკს ამ სექტორის კონტროლისა და რეგულირების სრული უფლება მისცა. არასწორი იყო ყველა ის ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში არასაბანკო სექტორის მიმართ განხორციელდა. სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა, როცა საბანკო სექტორის განვითარებაზე პასუხისმგებელ რეგულატორს, საბანკო სექტორის სერიოზული კონკურენტის მკაცრი კონტროლის შესაძლებლობა მისცა…“ 

სპეციალისტები აზრით, არასაბანკო დაწესებულებების შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა, ბანკებმა მსესხებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლონ, რადგან ბანკები არ ან ვერ შედიან იმ რისკში, რაშიც შედიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. 

სპეციალისტთა დასკვნით, ეროვნული ბანკის ხელში არასაბანკო სექტორის რეგულირების გადასვლა არის ძალიან დიდი შეცდომა. რაც მეტად გაეზრდება ეროვნულ ბანკს უფლებები არასაბანკო სექტორის რეგულირებაზე, ის ამ სექტორს შეამცირებს მოკლევადიან პერიოდში, ხოლო გრძელვადიან პერიოდში სექტორის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება… ისეთი პირი უჩანს, რომ კომერციული ბანკებისთვის ეს წელიც რეკორდული იქნება… რატომაც არა?!