მისტიფიკაცია და აფრიკული სიჭრელე გაზეთზე შესრულებულ ნახატებში

დღეს მხატვრობაში და საერთოდ ხელოვნებაში ექსპერიმენტები და ინოვაციები არავის უკვირს. თანამედროვე მხატვრები რას აღარ იყენებენ სახატავ მასალად. დღეს გვსურს გაგაცნოთ თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც... გაზეთებზე ხატავს.
Sputnik

24 წლის ნინი რამიშვილი პროფესიით ფსიქოლოგია, სწავლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მაგისტრატურაზე, მუშაობს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში. თვითნასწავლი მხატვარია და მისი, როგორც ფსიქოლოგის შინაგანი სამყარო მის უცნაურ ნახატებშიც აისახა.

ნინი რამიშვილი

- ნინი, რამ განაპირობა თქვენი ფსიქოლოგიით დაინტერესება და თუ გეხმარებათ პროფესია ადამიანებთან ურთიერთობაში?

—  ფსიქოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა. მოგეხსენებათ, ყველა ადამიანი უნიკალურია ამ სამყაროში და მეორე მისნაირი არ არსებობს. ყველა ადამიანი საკუთარ თავში პატარ-პატარა სიხარულს და სევდას ატარებს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ადამიანის მეორე მხარეა, არა ის, რომლითაც მას იცნობენ, არამედ ის, თუ რაც მასში იმალება. მაინტერესებდა თუ როგორია მისი შინაგანი სამყარო. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თავისუფალი თემების წერა. დავდიოდი სხვადასხვა ლიტერატურულ წრეებზე და ვთვლიდი, რომ ისინი ლიტერატურული კი არა, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური ხასიათის იყო. სწორედ ამან გამოიწვია ადამიანების მიმართ ჩემი ინტერესი. დავინახე და გავაცნობიერე, რომ ადამიანი საკუთარ თავში ატარებს უკიდეგანო ფანტაზიას და შესაძლებელია, რომ შენი ფანტაზია რაიმე ფორმით გარეთ გამოიტანო. ზოგი ამას წერით ახერხებს, ზოგი — ხატვით და ასე შემდეგ. ძალიან მომწონს გოდერძი ჩოხელის სიტყვები: „ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი“…

გაზეთზე შესრულებული ნახატი

- რამდენადაც ვიცი, თვითნასწავლი მხატვარი ხართ… თქვენს ნახატებში  რეალური სამყარო მისტიკასთანაა გადაკვეთილი…

— დიახ, თვითნასწავლი ვარ. ხატვის წრეზე სიარული ბავშვობიდან მინდოდა, ეს ჩემი ოცნება იყო. ხატვის განსაკუთრებული ნიჭი არ მქონია, ჩვეულებრივად ვხატავდი. სადღაც 15 წლიდან ტუშით ხატვა დავიწყე და გამოუცნობ ფიგურებს გამოვსახავდი. მივხვდი, რომ ეს სიმშვიდესა და სიამოვნებას მანიჭებდა. ჩემი აზრით, მისტიკაც რეალობის ნაწილია და ალბათ ქვეცნობიერიდან მოდის. ბავშვობიდან მაინტერესებდა ჯადოსნური სამყარო, შესაძლოა, ამიტომაც ვხატავ ამ სტილში. არასოდეს მქონია სურვილი, რომ ნატურმორტი, პეიზაჟი ან პორტრეტი მეხატა. დღეს ძალიან მინდა სადმე კოლეჯში ან სამხატვრო სტუდიაში ვიარო, სადაც ტექნიკას დავხვეწავ.

ნინი რამიშვილის შემოქმედება

- ნინი, გაზეთებზეც ხატავ ხოლმე და ამით მედიის როლს უსვამ ხაზს თუ ამ ამბავს გაცილებით მარტივი ახსნა აქვს?

—  ეს ფაქტი უბრალოდ სიახლისადმი გამოწვეული ინტერესით იყო  განპირობებული. აქამდე გაზეთზე არასოდეს დამიხატავს. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა და ამგვარმა ფონმა რაღაც თავისებური დატვირთვა შესძინა ნახატებს. პირველი სერიოზული ნამუშევარი კი ტუშით დავხატე, რაც ჩემი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს ძალიან მოეწონათ. სიმართლე გითხრათ, ჩემს მხატვრობას სერიოზულად ვერასოდეს აღვიქვამდი. მოგვიანებით ფერადი და მთლიანი ნახატების ხატვა დავიწყე. ამ ფერებმა ხალისი შემატა მათ. ქვაზე ხატვაც ვცადე. როცა ზღვის სანაპიროზე ვიყავი, დავფიქრდი, ქვაზეც ხომ არ დამეხატა მეთქი, ავარჩიე რამდენიმე  ქვა და თბილისში ჩამოვიტანე… ჩემს ყველა ნახატში პატარ-პატარა ორნამენტებია, მათი გამოსახვა სიამოვნებას მანიჭებს და მგონია, რომ ისინი ნახატს საინტერესოს ხდის.

ნინი რამიშვილის შემოქმედება

 როგორც ფსიქოლოგი, თქვენს რომელ ნახატს გამოყოფდით?

— ერთი არაფრით გამორჩეული ნახატი მაქვს. მასზე ჩვეულებრივი ნაცრისფერი ქალაქია გამოსახული, რომელსაც სათვალის მიღმა უყურებ. სათვალეში ის ძალიან ფერადი და სიცოცხლით სავსე მოჩანს. ცხოვრებაშიც ასეა, საგნებსა და მოვლენებს როგორც შევხედავთ — ისინიც ისეთი იქნება. ყოველთვის შესაძლებელია, ცუდშიც კი კარგი დაინახო. ჩემს ზოგ ნახატს აფრიკული მოტივები გასდევს, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ძალიან მომწონს აფრიკული მოტივები, ფერები და სიჭრელე. ჩემს ამა თუ იმ ნახატში აფრიკული ქალის პორტრეტი დომინირებს.

გაზეთზე შესრულებული ნახატი

- ნინი, თქვენ საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე სწავლობთ-შეგიძლიათ მითხრათ, ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობაში პოზიტიური ცვლილებების შეტანაა როგორაა შესაძლებელი?

— ყველანაირი პოზიტიური ცვლილება სამყაროში ადამიანმა საკუთარი, შინაგანი ცვლილებით უნდა დაიწყოს. როცა ადამიანი მიეჩვევა წესრიგს და სისუფთავეს- გარემოს და გარშემომყოფებს მოუფრთხილდება. ეს კი შედგეს აუცილებლად გამოიღებს და ზოგადად სახელმწიფოზეც აისახება, რადგან სახელმწიფოს ადამიანები ქმნიან… ბუნებრივია, როცა ადამიანებს შორისაა ჰარმონია, მაშინ სახელმწიფოც დალაგებულია და უკვე შეუძლია სხვა სახელწიფოებთან საერთო ინტერსების გამონახვა, რაც შემდგომში ნდობის ფაქტორს გაზრდის…

გაზეთზე შესრულებული ნახატი