ხორცის ექსპორტი 2017 წელს საქართველოდან შვიდჯერ გაიზარდა

განსაკუთრებით გაიზარდა ცხვრის ხორცის ექსპორტი
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგნეტოს მიერ გატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად ხორცის ექსპორტი საქართველოდან 2017 წელს, 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შვიდჯერ გაიზარდა, აღნიშნულია უწყების პრეს–სამსახურის განცხადებაში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით პოპულარული იყო ცხვრის ხორცი. 2017 წელს საექსპორტოდ დაიკლა 361,7 ათასი ცხვარი, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 50,7 ათასით მეტია.

გორში ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა

ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ავალიანის განცხადებით, 2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მნიშვნელოვანი ვეტერინარული ღონისიებები გაატარა, მათ შორის სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია, ასევე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები.

შედეგად ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა სხვადასხვა ზოონოზური დაავადების (ინფექციური დაავადებები, რომლებიც ადამიანებს ცხოველებისგან გადაეცემა) გამოვლენის მაჩვენებელი როგორც ცხოველებში, ისე, შესაბამისად, ადამიანებში.

„სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე, კერძოდ 2-ჯერ არის გაზრდილი ცხვრის ექსპორტი საქართველოდან. მათ შორის მნიშვენლოვნად მოიმატა დაკლული ტანხორცის ექსპორტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე შეიქმნა დამატებითი ღირებულება და მეტი შემოსავალი მიიღო ქვეყანამ“, – განაცხადა ავალიანმა.

ცხოველების უფასო ვაქცინაცია 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

2017 წელს კახეთის რეგიონში – სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და თელავის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკ ტრასაზე აშენდა და ამოქმედდა 3 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი. ასეთი პუნქტები ასევე ფუნქციონირებს რუსთავსა და მარნეულში.