შეთქმულება თუ ბიზნესი – საქართველოს კონკურენციის სააგენტო ექვს კომპანიას შეისწავლის

კომპანია Citroen Georgia–მ მიაღწია იმას, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტო ექვსი კონკურენტის საქმიანობას შეისწავლის
Sputnik

თბილისი,  25 იანვარი — Sputnik.  საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შოუმენ გიორგი გაჩეჩილაძის სიძის გიორგი შარაშიძის კუთვნილი კომპანია Citroen Georgia–ს საჩივარი და შესაძლო შეთქმულების საკითხზე ექვსი კომპანიის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, ნათქვამია უწყების ხელმძღვანელის ბრძანებაში.

შარაშიძის ადვოკატებმა კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის დეკემბერში მიმართეს ტენდერის გამო, რომელშიც მონაწილეობდნენ კომპანიები Strada Motors–ი, Iberia Auto, Hyundai Auto Georgia, Kia Motors Georgia, GT Motors–ი და France Auto, რომლებიც 2016–2017 წლებში საქართველოში ავტომობილების შემოყვანას ახორციელებდნენ. იურისტების მტკიცებით, ეს კომპანიები შეთანხმებით მოქმედებდნენ, მათ ხელოვნურად დაადგინეს ფასები და ამით სხვა კომპანიებს, მათ შორის Citroen Georgia–ს საშუალება არ მისცეს მათთვის კონკურენცია გაეწიათ.

 „ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, იმიტომ რომ ეს სიმართლე იმდენად დიდია, რომ მიუხედავად ყველა ზეწოლისა, ის თავის გზას იპოვის და ეს გადაწყვეტილებაც ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა შარაშიძემ ბრიფინგზე.

Citroen Georgia–ს ადვოკატებმა საკუთარ საჩივარში ასევე მოითხოვეს, რომ კონკურენციის სააგენტო დაინტერესდეს საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და კომპანია „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ ავტომობილების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერებით. საუბარი ეხება 2016 წლის ბოლოსა და 2017 წლის პირველი ნახევრის პერიოდს.

კომპანია Citroen Georgia ამ ტენდერებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა უშედეგოდ. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ უწყება ტენდენციურად მოქმედებდა. კონკურენციის სააგენტომ საჩივრის ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა. 

ხელები შორს! პრემიერმა თავისი გუნდი დაიცვა

საქართველოში ტენდერებთან დაკავშირებული სკანდალი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეგობარია, ხელისუფლება მისი სიძის კომპანიისთვის ხელოვნური წინააღმდეგობების შექმნაში დაადანაშაულა. გაჩეჩილაძის სიტყვებით, ეს სისტემატურ ხასიათს ატარებს და უპირატესობა იმ კომპანიების მხარესაა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის ექს–მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფლობს.

მაშინვე გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პრემიერი საქმის კურსში ჩააყენა. გაჩეჩილაძის საქციელმა პრემიერი კვირიკაშვილი აღაშფოთა. მან უარყო ბრალდებები და აღნიშნა, რომ მიუღებელია, როცა მისი კაბინეტის წევრს კორუფციაში ადანაშაულებენ. უფრო მეტიც, მან თანამდებობის დატოვებაზე მზადყოფნა გამოთქვა იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაამტკიცებს,  რომ სახელმწიფო ტენდერებში ერევა.

კონკურენციის სააგენტოს სამი თვე აქვს იმისთვის, რათა დადგინდეს ექვს კომპანიას შორის იყო თუ არა შეთანხმება.