საუბრის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება, 3 000 ლარი და ციხე ექვსი წლით

სამართალდამცველებმა დამნაშავე რუსთაველის გამზირზე დააკავეს
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გვარცელებულ  განცხადებაში.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოქალაქე დ.ე.-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა“, — განმარტავენ სამინისტროში.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი, 1973 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოთხოვნილი თანხის გადაცემისას დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ანგარებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას და გავრცელებას და ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.