საქართველოს პრემიერმა ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერი მიიჩნევს, რომ ედუარდ შევარდნაძეს უკავშირდება საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას პატივი მიაგო Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შევარდნაძე 25 იანვარს 90 წლისა გახდებოდა.

„მისი პოლიტიკური მოღვაწეობა სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება. ედუარდ შევარდნაძემ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებითაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაუჩნდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ შევარდნაძის სახელი საქართველოს უახლესი ისტორიის საკვანძო მოვლენებს უკავშირდება.

„ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი; მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; უმნიშვნელოვანესი პროექტები — ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზერუმი; სტამბულის ეუთოს 1999 წლის სამიტი — ისტორიული შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, „წრთვნისა და აღჭურვის" პროგრამა. ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება პრაღის 2002 წლის ნოემბრის ნატოს სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული სურვილი გაწევრიანების თაობაზე“, – დაწერა კვირიკაშვილმა.

ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი პოლიტიკოსის მშობლიურ სოფელში გაიხსნება

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ედუარდ შევარდნაძე მუდამ მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება.

„ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. მისი სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადების დასასრულ.

ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში, პედაგოგის ოჯახში. საშუალო განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. 

ედუარდ შევარდნაძეს საკმაოდ ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა ჰქონდა — დაიწყო კომკავშირის რაიკომით — იყო ჯერ მეორე, მერე პირველი მდივანი, იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 

სიცოცხლის 86 წლის განმავლობაში იყო მსხვილი პარტიული ფუნქციონერიც და გორბაჩოვის „პერესტროიკის“ ერთ ერთი თანაავტორიც. ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 10 წლის განმავლობაში – დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი. 

ედუარდ შევარდნაძე თავის დამსახურებად მიიჩნევდა „ცივი ომის“ დასრულებასა და გერმანიის გაერთიანებას.