თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის საქართველოში დაგეგმილი კონცერტი, მიუხედავად მისი განცხადებისა, მაინც გაიმართება.
მომღერალმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბოლო მსოფლიო ტურნეს შემდეგ საგასტროლო მოღვაწეობას საბოლოოდ შეწყვეტს.
ელტონ ჯონის კონცერტი 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისსა დაგეგმილი „ბლექ სი არენაზე“. ღონისძიების თარიღი თავად მომღერლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული.
პრესკონფერენციაზე, რომლის ტრანსლაციაც ელტონ ჯონის ვებგვერდზე მიმდინარეობდა, მან განაცხადა:
„ჩვიდმეტი წლიდან ვმოგაურობ გასტროლებით და გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, მადლობა გადავუზადო ფანატებს მთელ მსოფლიოში და დავემშვიდობო მათ. მე არ ვამბობ, რომ შემოქმედებას თავს ვანებებ, უბრალოდ, გასტროლებზე აღარ ვივლი“.
მსოფლიო მედია ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ელტონ ჯონის სუსტი ჯანმრთელობა უდევს, თუმცა თავად მომღერალი ყველაფერს პრიორიტეტებითა და ფასეულობებით ხსნის. როგორც ამბობს, ახლა მას სურს, მეტი ყურადღება და დრო ოჯახს დაუთმოს.
„მე და დევიდს ახლა ბავშვები გვყავს და ამან ჩვენი ცხოვრება შეცვალა“, — განაცხადა მომღერალმა და იქვე განმარტა, რომ გასულ წელს მართლაც ავადმყოფობდა სერიოზული ბაქტერიული ინფექციით, მაგრამ ჯანმრთელობა, მიუხედავად ასაკისა, პრობლემებს არ უქმნის.
როგორც ელტონ ჯონმა აღნიშნა, მსოფლიო ტურნე სახელწოდებით Farewell Yellow Brick Road-ი 2018 წლის სექტემბერში დაიწყება და სამ წელს — 2021 წლამდე გასტანს. ამ პერიოდში ის ყველა კონტონენსტს ეწვევა და 300 კონცერტს გამართავს.
შეგახსენებთ: საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტის ორგანიზატორი კომპანია Eastern Promotions-ი და SOLO — „საქართველოს ბანკის“ კლიენტთა პერსონალური მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონის კონცერტი ჯერ კიდევ 2017 წლის 16-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიება მომღერლის მეგობრისა და კოლეგის, დეივი ჯონსტონის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო. ეს უკანასკნელი ბრიტანელი ვარსკვლავის მუსიკალური დირექტორი და ბენდის უცვლელი წევრია 1972 წლიდან.
მუსიკოსთან მოლაპარაკებები საქართველოში კონცერტით ჩამოსვლასთან დაკავშირებით, წელიწადნახევარზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ჰონორარის თანხა არ კონკრეტდება.