ქართული კომპანიები გერმანიაში დაგეგმილ სათამაშოების გამოფენაზე წარდგებიან

Spielwarenmesse 2018-ში მონაწილეობის მიზანი უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან ბიზნეს-კავშირების დამყარებაა.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სათამაშოების გამოფენაში Spielwarenmesse 2018, რომელიც გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 2018 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, ქართული კომპანიები „კოდალა", „ჯეოთოიზ" და „თამაშობანა" მიიღებენ მონაწილეობას, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

„სათამაშოების წარმოების კუთხით ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია და მასში 60 ქვეყნიდან 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 ათასს შეადგენს", — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო ვაჭრობა: ქართული პროდუქციის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება

საქართველოსთვის Spielwarenmesse 2018-ში მონაწილეობის მიზანი უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან ბიზნეს-კავშირების დამყარებაა.

ქართული კომპანიები გამოფენაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით გაემგზავრებიან.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.