ქართველმა „სოვდაგარმა“ აშშ-ში Sundance-ის კინოფესტივალზე გაიმარჯვა

თამთა გაბრიჩიძის ფილმმა „მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების“ კატეგორიაში გაიმარჯვა
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ქართველი რეჟისორის, თამთა გაბრიჩიძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სოვდაგარი“ საერთაშორისო კინოფესტივალ Sundance-ის პრიზიორი გახდა, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში 18-დან 28 იანვრამდე იმართებოდა.

როგორც საქართველოს კონემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრი იუწყება, ქართული ფილმი საუკეთესო „მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის“ კატეგორიაში გახდა.

„ვულოცავთ რეჟისორ თამთა გაბრიჩიძეს და ფილმის მთელ გადამღებ ჯგუფს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და პრესტიჟულ ჯილდოს“, — ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

თამთა გაბრიჩიძის ფილმი მოგვითხრობს ქართველი მოვაჭრის, გელას რთულ ცხოვრებაზე, რომელსაც თავი ძლივს გააქვს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობისას, გელა საკუთარი მიკროავტობუსის საბარგულიდან ნახმარ საოჯახო ნივთებსა და ტანსაცმელს ყიდის. ფული მის ბაზარზე კარტოფილის ფასთან შედარებით, ბევრს არ ნიშნავს. 

„საუკეთესო ფილმები 2017, რომლებიც არ გინახავთ“ - ქართული ფილმი ტოპ-ხუთეულშია

ფილმი „სოვდაგარი“ პროექტ „ტელებლოგის“ ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მხარდაჭერითაა გადაღებული. მისი ტელეპრემიერა 2016 წელს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კომპანია Netflix–მა ფილმის „სოვდაგარი“ დისტრიბუციის უფლება მოიპოვა. ახალი 22–წუთიანი ქართული ფილმი Netflix–ის კინოთეკაში 2018 წლის 9 თებერვლიდან გამოჩნდება.

თამთა გაბრიჩიძე დაიბადა თბილისში, დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა საზოგადოებრივ საქმეთა ქართულ ინსტიტუტში, PR ფაკულტეტზე. ახალგაზრდა რეჟისორი რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. მათ შორის არის „გუგული“, „ჯუბა“ და სხვ.

„სანდენსის“ ფესტივალი (Sundance Film Festival) — აშშ-ში დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩვენებაა. ის 1978 წელს ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა რობერტ რედფორდმა დააარსა და მას მიენიჭა რედფორდის გმირის სახელი ვესტერნიდან „ბუჩ კესედი და სანდენს კიდი“.

ფესტივალი ჩვენებისთვის ყოველწლიურად 9000 განაცხადიდან 200-მდე ფილმს ირჩევს. განსაკუთრებულ ყურადღებას „სანდენსი“ უთმობს მოკლემეტრაჟიან ფილმებს, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენა ახალგაზრდა დამოუკიდებელ ავტორებს შეუძლიათ. ფესტივალს ყოველწლიურად პარკ-სიტიში, სოლტ-ლეიკ-სიტიში, ოგდენსა და სანდენსში 50 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება.

2017 წლის იანვარში Sundance Film Festival-ის ფარგლებში შედგა მსოფლიო პრემიერა ქართველი რეჟისორის ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გრასის ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.