პრეზიდენტის ადმინისტრაცია: საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია ნარკოდამოკიდებული ადამიანების დასჯაზე, და არა მკურნალობაზე, ამიტომ ის უნდა შეიცვალოს, განაცხადა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

სამშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ტელეწამყვანი გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას") განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების კანონსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის 8 წლით პატიმრობა შეუფარდა. ჩხრეკისას მას 45 აბი ე.წ. სუბუტექსი აღმოაჩნდა. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებმა, გიორგანაშვილის მეგობრებმა და „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ საქართველოს მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.

„ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, არის რეპრესიული, არის დასჯაზე ორიენტირებული და სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ათეულობით და ასეულობით მოქალაქე, დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. ყოველი დღე, როდესაც სახელმწიფო ინარჩუნებს ამ ფორმით და ამ სახით ნარკოპოლიტიკას, ეს არის ასობით ადამიანის თავისუფლების, სიცოცხლის და ამ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა“, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ბექა წიქარიშვილი დააპატიმრეს

ნარკომომხმარებელთა მიმართ ლიბერალური მიდგომა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენს. ხელისუფლებამ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო 2017 წლის ივნისში, თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებზეც ათასობით ადამიანი იკრიბებოდა.

ნარკომომხმარებელთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის შერბილება ერთი წლით შეიძლება გადაიდოს, განაცხადა ორშაბათს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. მისი თქმით, დეკრიმინალიზაცია ქვეყანაში არ იქნება შემოღებული მანამდე, სანამ არ იქნება მზად ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ეს სერვისები საპატიმრო სასჯელის ნაცვლად იყოს უზრუნველყოფილი.

„აქ არ არის საუბარი მხოლოდ გიორგიზე, მის მსგავსად და რიგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში დღეს საქართველოს ათობით და ასობით მოქალაქეა. ამიტომ, ცვლილებები არის აბსოლუტურად აუცილებელი. მეორე მხრივ, პრეზიდენტი, ისევე როგორც ადმინისტრაცია, ვართ იმ პოზიციაზე, რომ ნარკოდამოკიდებულება არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა საზოგადოებისთვის, რომლის დასაძლევადაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ ამ ფორმის პრობლემას ვერ აგვარებს ის პოლიტიკა, რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს და ამას ფაქტები ადასტურებს“, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების ან პრეკურსორების კანონსაწინააღმდეგო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადატანა ან გადაგზავნა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრიარქის ეპისტოლე, როგორც ნარკოპოლიტიკის შეცვლის ბიძგი

იგივე ქმედება, თუ საუბარია ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების, პრეკურსორების ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების კანონსაწინააღმდეგო გასაღება 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, დამამძიმებელ გარემოებების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.